რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტსა და 20 ოლქს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ათობით სახლი და მანქანა კი დაზიანდა, - ამის შესახებ Reuters-ი ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურებზე დაყრდნობით წერს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურების ცნობით, მხოლოდ ბუქარესტში დახმარების თხოვნით დაახლოებით 2 000 ზარი შევიდა. დაიტბორა რამდენიმე მეტროს სადგური.
დედაქალაქის გარეთ, ქარიშხალმა 60 ქალაქი და სოფელი დააზიანა. ერთი ადამიანი დაიღუპა, როდესაც მის მანქანას ხე დაეცა.
დატბორილი სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაციისა და ნანგრევების გაწმენდის მიზნით, რამდენიმე ოლქში პოლიცია და მეხანძრეები იყვნენ მობილიზებული.
მედიის ინფორმაციით, ქარიშხალს წინ უძღოდა მაღალი ტემპერატურის ტალღა, ორშაბათს და სამშაბათს ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ტემპერატურამ 40 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბა, რამაც ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა და მასზე ფასების მატება გამოიწვია.