„კოპენჰაგენი არის ჰაბი, საიდანაც დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს დედაქალაქში და ჩვენს ქვეყანაში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები შემოვლენ“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც ის ავიაკომპანია Norwegian-ის კოპენჰაგენი-თბილისის მიმართულებით განხორციელებულ პირველ რეისს დახვდა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, კოპენჰაგენი-თბილისის რეისი სრულად დატვირთული იყო.
„შესრულდა პირველი რეისი კოპენჰაგენი-თბილისის მიმართულებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დედაქალაქი, ისტორიაში პირველად, დაუკავშირდება დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენს. რეისი სრულად იყო დატვირთული, ეს კი მიანიშნებს იმაზე, რომ სკანდინავიის ქვეყნები დაინტერესებულები არიან ჩვენი დედაქალაქით და, შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია. ზოგადად, აღსანიშნავია ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა საქართველოს ბაზარზე. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ დივერსიფიცირებული იყოს ბაზრები და სწორედ Norwegian არის ის მაგალითი, რომ 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ახალი ავიაკომპანია შემოვიყვანეთ“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
სკანდინავიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Norwegian-ი კოპენჰაგენსა (დანიის სამეფო) და თბილისს შორის პირდაპირ ფრენებს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს.
კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის მიმართულების დამატება გაზრდის საქართველოს დაკავშირებადობას სკანდინავიის ქვეყნებთან და ხელს შეუწყობს ჩრდილოეთ ევროპიდან ტურისტული ნაკადების მატებას. ამასთან, კოპენჰაგენის აეროპორტი ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი სატრანზიტო ჰაბია, რაც ქართველ მგზავრებს შესაძლებლობას მისცემს, ამავე აეროპორტის გავლით სხვადასხვა მიმართულებით იმგზავრონ.