პეტრო პოროშენკოს იურიდიული გუნდი უკრაინის პრეზიდენტის მიერ ყოფილი ლიდერისთვის დაწესებულ სანქციებს უკანონოდ და არადემოკრატიულად აფასებს.
ადვოკატების განცხადებით, ევროპული პრაქტიკა არ იცნობს შემთხვევას, როდესაც სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეს ასეთი ფორმით ზღუდავს და უვადო სანქციებს უწესებს. პოროშენკოსთვის დაწესებული ტოტალური ფინანსური შეზღუდვები, მათ შორის საყოფაცხოვრებო ნივთებისა და საკვების ყიდვის აკრძალვა, იურისტების თქმით, ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევაა.
კონფლიქტში პოროშენკოს მეუღლის, მარინა პოროშენკოს ინტერესებიც ფიგურირებს. მისი ქონების წილი დაბლოკილია, მიუხედავად იმისა, რომ თავად სანქცირებული არ არის. მთავრობამ სასამართლო გზით ქონების გაყოფის მცდელობა უფლების ბოროტად გამოყენებად შეაფასა, თუმცა კანონში არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ოჯახის წევრებს მსგავს ვითარებაში დაცვის საშუალებას მისცემდა.
ამ საკითხს კრიტიკულად აფასებენ ევროპული სტრუქტურები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. ექსპერტთა შეფასებით, უკრაინაში სანქციების ეფექტური სასამართლო კონტროლის არარსებობა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ერთ ერთ მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად იქცა. უკრაინულმა მართლმსაჯულებამ სანქციების შეჩერებაზე უარი განაცხადა, ამიტომ საქმეს უკვე ევროპული სასამართლო განიხილავს.
პოროშენკოს ადვოკატები აცხადებენ, რომ ეს ზომები პოლიტიკური დევნის ნაწილია. მათი განმარტებით, სანქციების მექანიზმმა თავდაპირველი დანიშნულება დაკარგა. 2014 წელს კანონის მიღების მიზანი რუსული აქტივების ბლოკირება იყო, თუმცა ომის დაწყების შემდეგ ეს მიდგომა იმიტაციად იქცა.
პოროშენკოს გუნდის შეფასებით, პრეზიდენტ ზელენსკის მიერ სანქციები არა რუსეთთან ბრძოლის რეალურ ინსტრუმენტად, არამედ შიდა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მიმართულ იარაღად გადაიქცა. იურისტების თქმით, სანქციების გვერდის ავლისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღება მხოლოდ მაშინ იქნება განხილვადი, როცა ეს მექანიზმი პოლიტიკური ანგარიშსწორებისგან სრულად გათავისუფლდება. ამ ფონზე, პრეზიდენტი ზელენსკი კიევში სანქციების მთავარ არბიტრად რჩება.