26 ივნისი 2026,   20:07
ვრცლად
პრემიერი: გვაქვს პრინციპული მიდგომა ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით. შედეგებით იზომება ხელისუფლების პოლიტიკა. არავითარი ტერიტორიული წარმომადგენლობის გაფართოება, ერთადერთი მძიმე შემთხვევა გვქონდა ჩორჩანაში და ვისი "დამსახურებაც" არის, მოგეხსენებათ

ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული მიდგომა ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით და ზოგადად შედეგებით იზომება ხელისუფლების პოლიტიკა, რომ შევადაროთ წინა ხელისუფლებას, ძალიან კარგად ვხედავთ რა იყო შედეგები მაშინ და რა არის შედეგები ახლა, მათ შორის რუსეთთან მიმართებით რა იყო პოლიტიკის შედეგები, არაპრაგმატული პოლიტიკის შედეგები, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შედეგები იყო რუსეთის ინტერვენცია საქართველოში, მათი ტერიტორიული წარმომადგენლობის გაფართოება ქვეყანაში.

"საოკუპაციო ხაზთან ჩემს მისვლას რაც შეეხება, ჟურნალისტებმაც დამისვეს ბოლო დროს რამდენჯერმე ეს კითხვა და მათ დავუდასტურე, რომ ამ პერიოდის განმავლობაში არაერთხელ ვიყავი საოკუპაციო ხაზთან კამერების გარეშე. რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიას, რატომღაც ძალიან დიდი ენთუზიაზმით საუბრობთ თქვენ ამ თემაზე. მე შემიძლია, გითხრათ, რა არის ჩვენი მიდგომა და ჩვენი პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული მიდგომა ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით და ზოგადად შედეგებით იზომება ხელისუფლების პოლიტიკა, რომ შევადაროთ წინა ხელისუფლებას, ძალიან კარგად ვხედავთ, რა იყო შედეგები მაშინ და რა არის შედეგები ახლა, მათ შორის რუსეთთან მიმართებით რა იყო პოლიტიკის შედეგები, არაპრაგმატული პოლიტიკის შედეგები. შედეგები იყო რუსეთის ინტერვენცია საქართველოში, მათი ტერიტორიული წარმომადგენლობის გაფართოება ჩვენს ქვეყანაში და ასევე მათი ეკონომიკური ინტერვენცია ამასთან ერთად. აი, ეს არის შედეგები, რაც მარტივად შეიძლება გაიზომოს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში გვაქვს სრულიად განსხვავებული შედეგები, არავითარი გაფართოება ტერიტორიული წარმომადგენლობის.

ერთადერთი მძიმე შემთხვევა გვქონდა ამ კუთხით, ეს იყო შემთხვევა ჩორჩანაში, რაც ვისი "დამსახურებაც" არის, ძალიან კარგად მოგეხსენებათ. სხვა შემთხვევაში ჩვენ პრინციპულად ბოლომდე ვიცავდით ჩვენს ინტერესებს და ამის შედეგია ის, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები არის ბოლომდე დაცული. მე არ ვიცი ეხლა, ამას შეფასებაც არ სჭირდება, ჩორჩანაში შეაჩერებინა ბორდერიზაცია. ახლა არ ვიცი ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, მე მგონი არავითარ კომენტარს ეს არ იმსახურებს. ერთადერთი შემთხვევაა, სადაც კილომეტრებით არის შემოჭრილი ამ ძველი ე.წ. საზღვრის მიღმა საოკუპაციო ძალა ჩვენს ტერიტორიაზე და ამას ჰქვია თურმე ბორდერიზაციის შეჩერება. ეს არის მართლაც სირცხვილი, რომელსაც ვერასდროს ჩამოიწმენდს კონკრეტული ადამიანი საკუთარი ბიოგრაფიიდან. ეს არის ნამდვილი ლაქა, თუმცა ლაქები იმდენი აქვს, რომ იმასთან ჩორჩანაც კი მოსატანი არ არის, ეს შემიძლია თავდაჯერებით გითხრათ. რაც შეეხება სირიას და ვენესუელას, ჩვენ კონკრეტული ზომები გვქონდა მიღებული, თუმცა არ არის მიზანშეწონილი  საჯაროდ საუბარი ამ თემაზე, მით უმეტეს თქვენი თანდასწრებით, ეს შემიძლია გითხრათ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები