26 ივნისი 2026,   19:07
ვრცლად
პრემიერი - ჩვენი სურვილია, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ბოლო დროის განმავლობაში განვითარებული პროცესები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს
ჩვენი სურვილია სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
 
პრემიერმა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
 
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამასთან დაკავშირებით გავაკეთეთ არაერთი საჯარო განცხადება, მათ შორის პირადად მე. ჩვენი სურვილია სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ბოლო დროის განმავლობაში განვითარებული პროცესები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება. მე პირადად მქონდა სატელეფონო ზარი სახელმწიფო მდივან რუბიოსთან და გვქონდა ძალიან მეგობრული, საინტერესო საუბარი ორმხრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ შედგა საქართველოში ტექნიკური ვიზიტი სახელმწიფო დეპარტამენტიდან. ეს პროცესები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან", -  აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
 
მთავრობის მეთაურმა ასევე ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ურთიერთობაზე.
 
"რაც შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობას, გამოწვევებით არის სავსე ეს ურთიერთობები, თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სათანადოდ შესრულდეს ასოცირების შეთანხმებიდან და DCFTA-დან, ანუ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებები.  საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გვქონდა ამ კუთხით ფუნდამენტური პროგრესი. საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების 80 პროცენტი უკვე შესრულებულია, მათ შორის უშუალოდ ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების 81 პროცენტი არის შესრულებული. ეს აჩვენებს ჩვენს მიდგომას საკითხის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ არის უსამართლო მიდგომა, არის უამრავი გამოწვევა, ჩვენ თანმიმდევრულად ვაგრძელებთ ევროკავშირის მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულებას.
 
რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკა, რომელსაც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმატებით ახორციელებდა ჩვენი ქვეყანა და ამ წარმატების მაჩვენებელია შესაბამისი ციფრები, რომლებიც უარყოფითი მიმართულებით არ იცვლება. ამასთან ერთად, ვაგრძელებთ პრაგმატული პოლიტიკის წარმოებას და ჩვენი ამოცანაა, ბუნებრივია, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირება საქართველოსა და რუსეთს შორის და, რა თქმა უნდა, აქ წითელი ხაზი უკავშირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. საქართველო მომავალშიც პრაგმატული პოლიტიკით იმოქმედებს ამ მიმართულებით", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
დღის ამბები