25 ივნისი 2026,   21:42
ვრცლად
ევროკავშირის ორმაგი სტანდარტები - ბრიუსელი რუსული თევზის იმპორტზე უარს არ ამბობს

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე რაუნდს ამზადებს, ბრიუსელის პოლიტიკა წინააღმდეგობრივი რჩება.

როგორც გამოცემა EUobserver-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ევროკავშირის ოთხი სახელმწიფო ღიად ეწინააღმდეგება რუსული თევზის იმპორტის აკრძალვას, რითაც რუსეთის ეკონომიკას ხელს აფარებს და სანქციების სრულფასოვან აღსრულებას აფერხებს.

ევროკომისიის მონაცემები ცხადყოფს, რომ გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები და პოლონეთი რუსული თევზის (ვირთევზა, მინტაი) უმსხვილესი მყიდველები არიან.

მხოლოდ გერმანიამ გასულ წელს 284 მილიონი ევროს ღირებულების რუსული პროდუქტი შეიძინა. 2025 წელს ევროკავშირის მიერ რუსეთიდან შემოტანილი თევზის საერთო ღირებულებამ 756 მილიონი ევრო შეადგინა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ევროპული ბაზარი კვლავ რუსეთისთვის ფინანსურ საყრდენად რჩება.

როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირის უარი სანქციების გამკაცრებაზე სტრატეგიულ და მორალურ კითხვის ნიშნებს აჩენს, რადგან ნაწილი წევრი ქვეყნების ეკონომიკური ინტერესები კვლავ უფრო პრიორიტეტული აღმოჩნდა, ვიდრე სანქციების პოლიტიკის სრული აღსრულება.

EUobserver-ის ინფორმაციით, რუსული თევზის აკრძალვის საკითხთან ერთად, სანქციების ახალი პაკეტის შეფერხების მეორე მიზეზი ბულგარეთის მოთხოვნაა, რომ „შავი სიიდან“ ამოეღოთ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლი, პატრიარქი კირილე.

დღის ამბები