24 ივნისი 2026,   22:10
ვრცლად
"ვფიქრობთ, აღნიშნული პორტალი არა მხოლოდ მოქალაქეების ინფორმირებას შეუწყობს ხელს, ასევე მხარს დაუჭერს ქსელებს შორის კონკურენციას" - ირაკლი ლექვინაძე პროდუქტების ფასების პორტალზე

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების შესახებ საინფორმაციო პორტალი წარადგინა. ელექტრონული კალათა მომხმარებლებს სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს ერთ სივრცეში გააცნობს. ვებგვერდზე ekalata.gov.ge განთავსებული იქნება საოჯახო კალათაში შემავალ 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტზე - 12 უმსხვილეს ქსელში წარმოდგენილი საუკეთესო ფასები.

აღნიშნულ პორტალზე პროდუქტების კატეგორიების სახით არის განთავსებული. მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, შეადარონ პროდუქტის ღირებულებები და საუკეთესო შეთავაზებების შესახებ მიიღონ ინფორმაცია. 

„ეს არის პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში და პარლამენტის სასურსათო კომისიის სასურსათო ფასების შემსწავლელი კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, მოკლევადიანი ღონისძიების ფარგლებში შექმნილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს დაევალა, რომ შეექმნა ერთიანი ელექტრონული პლატფორმა, სადაც თავს მოიყრიდა აღნიშნული შემოთავაზებები, რაც ჩვენს მოქალაქეებს მომხმარებლებს გაუადვილებს ორიენტირებას, თუ რომელ ქსელში რა პროდუქტზე არის საუკეთესო ფასი და მოგეხსენებათ, რომ ინფორმირებული მოქალაქე, ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შემთხვევაში ბევრად უფრო ეფექტურად შეარჩევს იმ ქსელს, სადაც შეუძლიათ შეიძინოს მისთვის სასურველი როგორც ერთი პროდუქტი, ასევე ის კალათა, რომელიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღნიშნული პორტალი არა მხოლოდ მოქალაქეების ინფორმირებას შეუწყობს ხელს, არამედ მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ მხარს დაუჭერს ქსელებს შორის კონკურენციას და კონკურენცია არის ის მექანიზმი, რომელიც ქსელებს მისცემს საშუალებას, რომ ყოველთვის ჰქონდეთ საუკეთესო ფასები და შემოთავაზებები ჩვენი მოქალაქეებისთვის.

გვაქვს ამ ეტაპისთვის განთავსებული 237 საუკეთესო შემოთავაზება და ასევე ვხედავთ, რომ არის 13 ძირითადი სასურსათო პროდუქტი, რომელიც კატეგორიების სახით არის განთავსებული აღნიშნულ საიტზე. კატეგორიების მიხედვით ჩანს ყველა ლიდერი მაღაზია და მარკეტების ქსელი, თუ სად არის საუკეთესო შემოთავაზება და საუკეთესო ფასი კონკრეტულ პროდუქტზე“, - აცხადებს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.

დღის ამბები