ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორების მხრიდან არ იგეგმება იმ ბირთვული ობიექტების მონახულება, რომლებიც მანამდე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაბომბა - ინფორმაციას ოფიციალური თეირანი ავრცელებს. ირანის პრეზიდენტის განმარტებით, ვაშინგტონთან გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ისლამური რესპუბლიკის სარაკეტო პროგრამა არ შედის და ის არც მომავალში გახდება განხილვის საგანი.
ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობების განსახილველად მარკო რუბიო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა, სადაც რეგიონულ პარტნიორებს ხვდება.
ცნობილია ტრამპის პოზიციაც. მისი განცხადებით, ორმხრივი შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პირობა ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერებაა.
აშშ-ის სენატმა კი, 50 ხმით 48-ის წინააღმდეგ, მიიღო კანონპროექტი, რომელიც ირანთან მიმართებით პრეზიდენტის სამხედრო უფლებამოსილებას ზღუდავს. თეთრ სახლში ამ ინიციატივას არაკონსტიტუციურად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ ასეთ რეზოლუციას არ აქვს იურიდიული ძალა.