პარტია "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს და თანაგრძნობასა და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის მშობლებს, ოჯახსა და სრულიად ინგუშეთს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ პატარა ხიზირის ეს ნაბიჯი არის ერთი ინდივიდის ქმედება, რომელიც მთლიანად ერის სულისკვეთებას გადმოსცემს და მის იდენტობას აყალიბებს.
"უდიდესი გულისტკივილითა და მწუხარებით ვეხმაურებით ინგუშეთში, მდინარე სუნჟაზე დატრიალებულ უმძიმეს ტრაგედიას. 8 წლის ხიზირ დერბიჩევის გმირულად დაღუპვამ, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად მეგობარი სიკვდილს გადაარჩინა, ჩვენს მოძმე ინგუშებთან ერთად, შეძრა სრულიად საქართველო.
პატარა ხიზირის ეს ნაბიჯი არის ერთი ინდივიდის ქმედება, რომელიც მთლიანად ერის სულისკვეთებას გადმოსცემს და მის იდენტობას აყალიბებს. ქართველ და ინგუშ ხალხებს ისტორიულად დიდი მეგობრობა აკავშირებს, ამაზე ნათლად მეტყველებს ის ფაქტიც, რომ უპრეცედენტო სამძებრო სამუშაოებში ათიათასობით ადამიანთა შორის იყვნენ ქართველებიც. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პატარა ინგუში გმირის ტრაგედია, სრულიად საქართველოს ტკივილად იქცა. ხიზირ დერბიჩევის თავგანწირვამ და კავკასიელ ხალხთა ერთობამ მთელი მსოფლიო გააოცა და დააფიქრა კავკასიელთა რაობაზე.
პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ სახელით, გულწრფელ თანაგრძნობასა და სამძიმარს ვუცხადებთ პატარა ხიზირის მშობლებს, მის ოჯახსა და სრულიად ინგუშეთს – მედგარ და ძლიერ ერს. უფალმა მოგმადლოთ ნუგეში და გამძლეობა. ხიზირ დერბიჩევის ნათელი სახელი და მისი გმირობა მუდამ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.“-ნათქვამია გავრცელებულ წერილში.