საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მხარდაჭერითა და საინვესტიციო კომპანია გალტ ენდ თაგარტის ჩართულობით, კომპანია ნუტრიმაქსმა, წარმატებით დაასრულა სადებიუტო საჯარო ობლიგაციების განთავსება. ემისიის ჯამურმა ნომინალურმა ღირებულებამ 10,000,000 აშშ დოლარი შეადგინა.
ემისია კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც კორპორაცია 2024 წლიდან ახორციელებს.
"მინდა მივულოცო კომპანიას "ნუტრიმაქსი" ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა და სადებიუტო ობლიგაციების წარმატებით განთავსება. მისასალმებელია, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით, სულ უფრო მეტი ქართული კომპანია განიხილავს კაპიტალის ბაზარს, როგორც გრძელვადიანი განვითარების და ფინანსური რესურსების მოზიდვის ეფექტიან ინსტრუმენტს.
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა 2024 წელს დავიწყეთ, რამაც ბიზნესის მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე განთავსებულია 14 კომპანიის 22 ემისია, რომელთა მეშვეობითაც საფონდო ბაზარზე მილიარდ ლარზე მეტი საინვესტიციო რესურსია მოზიდული.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკის განვითარების კორპორაციისთვის კაპიტალის ბაზრის განვითარება სტრატეგიული მიმართულებაა, ამიტომ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას. ვიმედოვნებ, კიდევ ერთი წარმატებული ემისია სხვა კომპანიებისთვისაც პოზიტიური მაგალითი იქნება და წაახალისებს მათ, რათა უფრო აქტიურად შეძლონ კაპიტალის ბაზრის გამოყენება", - განაცხადა ირაკლი გაბრიაძემ.