პრაღაში, ლეტნას პარკში, საზოგადოებრივი მედიის დამოუკიდებლობის დასაცავად ასეულობით ათასი ადამიანი გამოვიდა. ორგანიზატორების შეფასებით, აქციაში, რომელიც მოძრაობა "მილიონი წამი დემოკრატიისთვის" ინიციატივით გაიმართა, 350 000-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.
დემონსტრანტები მთავრობის მიერ ოქტომბრის ბოლოს ინიციირებულ რეფორმას აპროტესტებენ, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლების საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადაყვანას ითვალისწინებს.
მიმდინარე მოდელით, მედიასაშუალებები ფიზიკური პირებისა და საწარმოების მიერ გადახდილი მოსაკრებლებით ფინანსდება. რეფორმის კრიტიკოსები შიშობენ, რომ ცვლილებები მედიის დამოუკიდებლობას საფრთხეს შეუქმნის და სამთავრობო კონტროლის რისკებს გაზრდის.
პროტესტის მიუხედავად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა არსებული სისტემის შეცვლასა და საზოგადოებრივი მედიის დაფინანსების წესის რეფორმირებას კვლავაც გეგმავს.