16 ნოემბერი 2026,   10:27
ვრცლად
ჩინეთში, ღვინის სფეროს პრესტიჟულ გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელმა 19-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაზე "ProWine Shanghai 2026", ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ქართული ღვინის მწარმოებელი 19 კომპანია მონაწილეობდა.

გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის "Meiburg Wine Media" ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაციები გაიმართა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციას, მის ისტორიას, კულტურასა და ტექნოლოგიას.

გამოფენა "ProWine Shanghai" ყოველწლიურად 100 ათასამდე ვიზიტორს მასპინძლობს. ღონისძიება ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობას აძლევს, დაამყარონ ახალი საქმიანი ურთიერთობები, მოიძიონ პოტენციური პარტნიორები და ხელი შეუწყონ საკუთარი პროდუქციის ექსპორტის ზრდას ჩინეთის ბაზარზე.

ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში, ბოლო წლების განმავლობაში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებასა და კამპანიას, რაც მიზნად ისახავს ქართული ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას.

საერთაშორისო გამოფენები "ProWine" ღვინის ინდუსტრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა. ისინი ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობას აძლევს, დაამყარონ საქმიანი კონტაქტები, მათ შორის, იმპორტიორებთან, გაეცნონ დარგის სიახლეებს, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მომსახურებებს. "ProWine"-ის მთავარი გამოფენა გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში იმართება, ხოლო წლის განმავლობაში ღონისძიებები ტოკიოში, შანხაიში, მუმბაიში, სინგაპურში, ჰონგ-კონგსა და სან-პაულოშიც ტარდება.

ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის მიზნით, ქვეყანაში მარკეტინგული კამპანია 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს. ამასთან, ჩინეთი მყარად დამკვიდრდა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში.

დღის ამბები