22 ივნისი 2026,   17:50
ვრცლად
არაერთი ფაქტი გამოვლინდა, რომელიც გადაეგზავნა შესაბამის სასამართლოებს, დაწყებულია პროცესები. მიზანია, ჯანსაღ დისკუსიას შეეწყოს ხელი საჯარო სივრცეში - ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენასთან ბრძოლაზე

თბილისის საქალაქო სასამართლომ სიძულვილის ენასთან დაკავშირებულ კიდევ ორ საქმეზე იმსჯელა.

ერთ-ერთ კანონდამრღვევს, ვიცე-პრემიერ მამუკა მდინარაძის ღირსების შემლახველი კომენტარის გამო, 4 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, მეორე მოქალაქე კი ონლაინსივრცეში, აქციებზე დაკავებული რეზო კიკნაძის მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო დაჯარიმდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ახალი სამმართველო სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლას აქტიურად აგრძელებს.

როგორც მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, აზრის გამოხატვა დაცულია გამოხატვის თავისუფლებით, რეაგირება კი ხდება მხოლოდ ისეთ განცხადებებზე, რომლებიც შეიცავს უხამსობასა და ლანძღვა-გინებას.

"სამმართველო აქტიურ რეჟიმში ფუნქციონირებს და მუშაობს ამ მიმართულებით. არაერთი ფაქტი გამოვლინდა, რომელიც უკვე გადაეგზავნა შესაბამის სასამართლოებს ტერიტორიული განსჯადობის მიხედვით, დაწყებულია პროცესები.

ხედავთ, რომ სხვადასხვა მიმართულებით ხდება რეაგირება, საუბარია ისეთი ტიპის ქმედებებზე, სადაც ადგილი აქვს ლანძღვას, გინებას, სხვადასხვა შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს კონკრეტული ადამიანების მიმართ და სასამართლო იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რასაც წარუდგენს შს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი, ხდება რეაგირება.

მთავარი მიზანი არის ის, რომ ჯანსაღ დისკუსიას შეეწყოს ხელი საჯარო სივრცეში და ის ზღვარგადასული სხვადასხვა ტიპის შეურაცხმყოფელი ქმედებები, გამონათქვამები, ის უცენზურო, უწმაწური სიტყვები, რომლებიც გამოიყენებოდა ხშირ შემთხვევაში კონკრეტულ ადამიანებზე თავდასხმისთვის, ამის პრევენცია მოხდეს საჯარო სივრცეში", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ. 

დღის ამბები