"საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ღონისძიების საქართველოში ჩატარება უკვე ძალიან დიდი აღიარებაა იმ წარმატებისა და შედეგების, რასაც ჩვენმა ქვეყანამ და ხელისუფლებამ წლების განმავლობაში მიაღწია საჯარო მმართველობის, ზოგადად, საჯარო ადმინისტრირებისა და საჯარო სერვისების მიწოდებისა თუ ამ მიწოდების არხების განვითარების მიმართულებით", – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმი საქართველოში პირველად ტარდება და მასში გაერო-ს წევრი 100 ქვეყნის 500-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
"ეს ყოველწლიური ფორუმია და, როგორც აღვნიშნეთ, ველოდებით 500 მონაწილეს გაერო-ს 100 წევრი ქვეყნიდან. მათ შორის იქნებიან მაღალი დონის დელეგაციები: მინისტრები, ძირითადად, იუსტიციის მინისტრები და საჯარო მმართველობის მიმართულებაზე პასუხისმგებელი პირები"“, – აღნიშნა ლანა მორგოშიამ.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის თქმით, ფორუმი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და სხვადასხვა თემის განხილვა პარალელურ რეჟიმში პანელური დისკუსიებისა და ვორქშოფების ფორმატში წარიმართება.
"ქართულ მხარესთან ერთად, დისკუსიებში ჩართული იქნებიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები და უცხოელი საერთაშორისო ექსპერტები", - განაცხადა ლანა მორგოშიამ.