საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი ტაჯიკეთში დაიწყო. მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია დუშანბეს საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა.
ირაკლი კობახიძეს ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი დახვდა. ვიზიტის ფარგლებში შედგა ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები. საქართველოს მთავრობის მეთაურს უმასპინძლებს ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტიც. შეხვედრის შემდეგ ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს ისტორიული მომენტია, რადგან საქართველოდან ტაჯიკეთში უმაღლესი დონის პირველი ოფიციალური ვიზიტი იმართება.
"ეს ისტორიული მომენტია. საქართველოდან უმაღლესი დონის პირველი ოფიციალური ვიზიტი ხორციელდება ტაჯიკეთში. ჩვენი ერები, ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან ისტორიული ტრადიციებით, მეგობრობით და ჩვენი პასუხისმგებლობაა, მაქსიმუმი გავაკეთოთ ჩვენი პარტნიორობისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად. ჩვენ ამ მიზნისადმი ერთგულებას ვადასტურებთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ტაჯიკეთს საქართველოს ეროვნული ინტერესების ძლიერი მხარდაჭერისა და დაცვისთვის. მადლობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისთვის, რასაც საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.