19 ივნისი 2026,   17:48
ვრცლად
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდადებული ია დარახველიძის ადვოკატი: გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ შესაბამის ინსტანციაში

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდადებული ია დარახველიძის ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას შემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

"შეუძლებელია რაიმე სახის არგუმენტაცია ჩვენ მომავალში თუნდაც წავიკითხოთ იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც დაიწერება მოსამართლის მიერ. გავასაჩივრებთ შესაბამის ინსტანციაში," - აცხადებს ადვოკატი რევაზ აჭარაძე.

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდადებული კიდევ ერთი პირის, გიორგი ჩახუნაშვილის შვილი, კონსტანტინე ჩახუნაშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არასამართლიანია.

"სასამართლოს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არასამართლიანია. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც უბრალოდ იდგა, შეიძლება ყოფილიყო იდენტიფიცირებული და იგივე ბრალდება წაეყენებინათ," - აცხადებს კონსტანტინე ჩახუნაშვილი.

შეგახსენებთ, მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების საქმეზე ბრალდებული შვიდივე პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გამოტანილი განაჩენის მიხედვით, ექვს ბრალდებულს - ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს, ზაქრო ალბუთაშვილს, დავით სტურუას და ია დარახველიძეს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. 

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში მყოფი ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. ია დარახველიძე კი, რომელიც ასევე გირაოთი იყო გათავისუფლებული, სასამართლო სხდომას არ დასწრებია. მის მიმართ ძებნა გამოცხადდება და მოსამართლის მიერ შეფარდებული სასჯელი მისი ადგილსამყოფლის დადგენისა და დაკავების შემდეგ აღსრულდება.

საქმის ამ ეპიზოდს სულ, 15 ბრალდებული ჰყავდა, თუმცა, 8-მ ბრალი აღიარა და მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

პროკურატურა მათ ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას ედავებოდა.

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით საპროცესო შეთანხმება 22 პირთან გაფორმდა.

დღის ამბები