19 ივნისი 2026,   15:33
ვრცლად
სასამართლომ 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით 7 პირის მიმართ განაჩენი გამოაცხადა

მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების საქმეზე ბრალდებული შვიდივე პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

გამოტანილი განაჩენის მიხედვით, ექვს ბრალდებულს - ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს, ზაქრო ალბუთაშვილსა და დავით სტურუას 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. რაც შეეხება ია დარახველიძეს, სასამართლომ მას 3 წლით პატიმრობა განუსაზღვრა.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში მყოფი ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. ია დარახველიძე კი, რომელიც ასევე გირაოთი იყო გათავისუფლებული, სასამართლო სხდომას არ დასწრებია. მის მიმართ ძებნა გამოცხადდება და მოსამართლის მიერ შეფარდებული სასჯელი მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების შემდეგ აღსრულდება.

საქმის ამ ეპიზოდს სულ, 15 ბრალდებული ჰყავდა, თუმცა, 8-მ ბრალი აღიარა და მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.
პროკურატურა მათ ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას ედავებოდა.

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით საპროცესო შეთანხმება 22 პირთან გაფორმდა.

დღის ამბები