19 ივნისი 2026,   14:27
ვრცლად
ანტონიუ კოშტამ ევროკავშირის ლიდერებს განუმარტა, თუ რატომ დაიწყო ევროპულ საბჭოსა და რუსეთს შორის კონტაქტების აღდგენა

18 ივნისს, ბრიუსელში გამართულ ევროპული საბჭოს სამიტზე, უკრაინის შესახებ დისკუსიის დროს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს კრემლთან კონტაქტების განახლების მიზეზები განუმარტა. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა "ევროპეისკაია პრავდა" ევროკავშირის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის წყაროს ცნობით, ანტონიუ კოშტამ დაადასტურა, რომ მან ცოტა ხნის წინ წამოიწყო "მოკლე დიპლომატიური კონტაქტები კრემლთან" და თავის ოფისს სთხოვა, "გაეხსნა დიპლომატიური არხი რუსეთთან".
ამ ინიციატივის მიზანია, მხარე იყოს "მზად ევროკავშირის ინტერესების დასაცავად, როდესაც ამის დრო მოვა". წყარომ დააზუსტა, რომ ეს იყო მოკლე კონტაქტები, შინაარსობრივი ინფორმაციის გაცვლისა თუ მოლაპარაკებების გარეშე.

"დიპლომატები დიპლომატიურ სამუშაოს ასრულებენ", - დასძინა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა.

"ევროპეისკაია პრავდას" ინფორმაციით, ევროპულ მედიაში მანამდეც გავრცელდა ცნობები, რომ კოშტამ კრემლთან კონტაქტი ვლადიმერ პუტინის უკრაინაში ომის დასრულების გზების განხილვაში ჩართვის მიზნით დაამყარა.

ამასთან, ევროპულ ქვეყნებში უკვე დაიწყეს მსჯელობა სპეციალური ევროპელი მომლაპარაკებლის დანიშვნის იდეაზე, თუმცა ამ ინიციატივას ჯერ ფართო მხარდაჭერა არ მოუპოვებია.


დღის ამბები