საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მთავრობის მიერ წარდგენილი "გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს 2025 წლის ეროვნული ანგარიშის განხილვის შედეგად საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი" განიხილა.
მომხსენებლის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვა, რომელიც 2021-2025 წლებს მოიცავდა, მიმდინარე წლის იანვარში, ჟენევაში გაიმართა.
მისი თქმით, საქართველოს დელეგაციამ საკითხის განხილვისას წარადგინა ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების შესახებ.
"ხაზგასმით აღინიშნა ქვეყანაში ბოლო პერიოდში გატარებული ის რეფორმები და ღონისძიებები, რომლებიც არსებითად აისახა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, სიღარიბის შემცირებაზე, სამართლის უზენაესობის გამტკიცებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, რაც ასევე აისახა შესაბამის საერთაშორისო რეიტინგებში. აქცენტი ტრადიციულად ასევე გაკეთდა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობაზე", - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
ხათუნა თოთლაძის განცხადებით, ანგარიშს თან ერთვოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ 2021 წელს ანუ წინა ციკლის ფარგლებში მხარდაჭერილი რეკომენდაციების შესრულების შესახებ.
მისი თქმით, სესიის ფარგლებში, საქართველოს მიმართ 307 რეკომენდაცია გაიცა.
"სესიაზე, საქართველოს დელეგაციის მხრიდან აღინიშნა, რომ ხსენებული რეკომენდაციები სათანადოდ იქნება შეფასებული ხელისუფლების ყველა შტოს ჩართულობით და საქართველოს პოზიცია იმ რეკომენდაციების თაობაზე, რომელთა შესრულების ვალდებულებას სახელმწიფო მომდევნო 5 წლის განმავლობაში აიღებს, გაეროსთვის მიწოდებული იქნება დადგენილ ვადებში", - აღნიშნა მომხსენებელმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველომ მხარი დაუჭირა 159 რეკომენდაციას, მათ შორის, რეკომენდაციებს:
წინა ციკლის ფარგლებში მხარდაჭერილი კონვენციების რატიფიცირების თაობაზე; ადამიანის უფლებათა ჩარჩოს გაძლიერების შესახებ;
ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მექანიზმების წვდომის მიზნით საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზებისა და აღნიშნული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო დაბრუნების მიზნით საერთაშორისო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაძლიერების თაობაზე;
ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის ეფექტიანი და კოორდინირებული შესრულების შესახებ;
რასიზმის, ქსენოფობიის და სიძულვილის ენის პრევენციისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ძალისხმევის თაობაზე;
სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების განათლებისა და მომზადების გაძლიერების შესახებ;
ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესახებ;
ინკლუზიური და ზოგადი განათლების უზრუნველყოფის მიმართულებით;
ქალთა უფლებების გაძლიერების შესახებ;
ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ და შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით.
მისივე თქმით, საქართველო მხარს არ უჭერს 148 რეკომენდაციას, მათ შორის, არ იღებს რეკომენდაციებს რუსეთის ფედერაციისგან და ასევე იმ სახელმწიფოების მხრიდან, რომლებიც რუსეთთან ლოიალობის გამო აღიარებენ ჩვენი ქვეყნის განუყოფელი რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობას.
ხათუნა თოთლაძის განცხადებით, საქართველო ასევე მხარს არ უჭერს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც ან უკვე შესრულებული აქვს სახელმწიფოს ან შესრულების პროცესშია და აგრეთვე იმ რეკომენდაციებს, რომლებიც პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.
"დოკუმენტი შესაბამისი პოზიციებით, საკომიტეტო განხილვის დასრულების შემდეგ, უკვე გადაეცემა გაერო-ს შესაბამის ორგანოს - ადამიანის უფლებათა საბჭოს, იმისთვის რომ ივნის-ივლისში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 62-ე სესიის ფარგლებში დამტკიცებული იყოს, როგორც სახელმწიფოს პოზიცია", - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიერ წარდგენილ დასკვნის პროექტს.