სააგენტო Bloomberg-მა აშშ-სა და ირანს შორის გაფორმებული 14-პუნქტიანი მემორანდუმის პროექტი გაასაჯაროვა, რომელიც მხარეებს შორის ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, ირანისთვის 300 მილიარდი დოლარის გამოყოფასა და სანქციების მოხსნას ითვალისწინებს.
როგორც გამოცემა წერს მოსალოდნელია, რომ აშშ და ირანი ურთიერთგაგების მემორანდუმს ოფიციალურად ხელს 19 ივნისს, შვეიცარიაში მოაწერენ და ეს ნაბიჯი გზას გაუხსნის 60-დღიან მოლაპარაკებებს, რომელთა მიზანიც ომის საბოლოოდ დასრულება და ირანის ბირთვულ პროგრამაზე ახალი, მკაცრი შეზღუდვების დაწესებაა.
1. ირანის ისლამური რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები, მიმდინარე ომში მათ მოკავშირეებთან ერთად, წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერისთანავე აცხადებენ ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, ომის დაუყოვნებლივ და სამუდამო შეწყვეტას და იღებენ ვალდებულებას, რომ ამიერიდან არ წამოიწყებენ არანაირ ქმედებას ერთმანეთის წინააღმდეგ და თავს შეიკავებენ ერთმანეთის მიმართ ძალის გამოყენებისგან ან ძალის გამოყენების მუქარისგან. საბოლოო შეთანხმება დაადასტურებს ამ მუხლისა და დანარჩენი მუხლების დებულებებს.
2. ირანის ისლამური რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები იღებენ ვალდებულებას, პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და თავი შეიკავონ ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩარევისგან.
3. ირანის ისლამური რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები იღებენ ვალდებულებას, აწარმოონ მოლაპარაკებები და მიაღწიონ საბოლოო შეთანხმებას მაქსიმუმ 60 დღის ვადაში, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს ორმხრივი თანხმობით.
4. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერისთანავე, ამერიკის შეერთებული შტატები გააუქმებს საზღვაო ბლოკადას, აღკვეთს ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ნებისმიერ ჩარევას ან დაბრკოლებას და მაქსიმუმ 30 დღის ვადაში აღადგენს ნაოსნობას სრული მოცულობით; გემების მიმოსვლა ირანის ისლამური რესპუბლიკის მხრიდან ომამდელი პერიოდის მოცულობის პროპორციული უნდა იყოს. ამერიკის შეერთებული შტატები ასევე იღებს ვალდებულებას, საბოლოო შეთანხმებიდან 30 დღის ვადაში გაიყვანოს თავისი ჯარები მიმდებარე ტერიტორიებიდან.
5. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერისთანავე, ირანის ისლამური რესპუბლიკა დაუყოვნებლივ გადადგამს ნაბიჯებს, რათა უზრუნველყოს სპარსეთის ყურიდან ომანის ზღვამდე და პირიქით, სავაჭრო გემების გადაადგილების აღდგენა 30 დღის ვადაში ომამდელ მოცულობამდე, ირანის მიერ ტექნიკური დაბრკოლებების მოხსნისა და ნაღმების გაუვნებელყოფის საჭიროების გათვალისწინებით.
6. ამერიკის შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას, თავის რეგიონულ პარტნიორებთან ერთად, შექმნას ორივე მხარის მიერ შეთანხმებული ყოვლისმომცველი გეგმა ირანის ისლამური რესპუბლიკის რეაბილიტაციისა და ეკონომიკური განვითარებისთვის, სულ მცირე 300 მილიარდი დოლარის დაფინანსების უზრუნველყოფით. ამ გეგმის განხორციელების მექანიზმი, როგორც საბოლოო შეთანხმების ნაწილი, ჩამოყალიბდება 60 დღის ვადაში.
7. ამერიკის შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას, რომ იმ განრიგის მიხედვით, რომელიც შეთანხმდება საბოლოო შეთანხმების ფარგლებში, გააუქმებს ყველა სახის სანქციას, რომელიც ამჟამად ირანის ისლამურ რესპუბლიკას ადევს, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოსა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მმართველთა საბჭოს რეზოლუციებს, ისევე როგორც აშშ-ის ყველა ცალმხრივ პირველად და მეორად სანქციას.
8. ირანის ისლამური რესპუბლიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის არასოდეს აწარმოებს ბირთვულ იარაღს. ირანის ისლამური რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები თანხმდებიან, რომ გამდიდრებული მასალის ბედი და ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ყველა სხვა ორმხრივად შეთანხმებული საკითხი, მათ შორის ირანის ბირთვული საჭიროებები, სათანადოდ იქნება ასახული საბოლოო შეთანხმებაში; საბოლოო შეთანხმება დაადასტურებს ამ მუხლის დებულებებს.
9. ირანის ისლამური რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები თანხმდებიან, რომ საბოლოო შეთანხმებამდე ისინი შეინარჩუნებენ სტატუს-კვოს: ირანი შეინარჩუნებს სტატუს-კვოს თავის ბირთვულ პროგრამაზე, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები არ დააწესებს ახალ სანქციებს ირანის წინააღმდეგ და არ გააძლიერებს თავის ჯარებს რეგიონში.
10. ამერიკის შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას, რომ წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერისთანავე და სანქციების გაუქმების თარიღამდე, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი გასცემს ნებართვებს ირანული ნედლი ნავთობის, ნავთობქიმიური პროდუქტებისა და მათი წარმოებულების ექსპორტზე, აგრეთვე ყველა დაკავშირებულ მომსახურებაზე, მათ შორის საბანკო, სადაზღვევო, სატრანსპორტო და სხვა მსგავს სფეროებზე.
11. ამერიკის შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას, რომ საბოლოო შეთანხმებისკენ მიმართული მოლაპარაკებების პროგრესის გათვალისწინებით, ირანის ისლამური რესპუბლიკის გაყინული ან შეზღუდული სახსრები და აქტივები გათავისუფლდება და სრულად ხელმისაწვდომი გახდება. ეს სახსრები, მიუხედავად იმისა, ძირითად ანგარიშზე ირიცხება თუ გადარიცხულია, გამოყენებული იქნება ირანის ისლამური რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრული ნებისმიერი საბოლოო ბენეფიციარისთვის გადასახდელად და სრულად ხელმისაწვდომი იქნება გამოსაყენებლად. ამერიკის შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას, ამ საფუძველზე გასცეს ყველა საჭირო ნებართვა და ლიცენზია.
12. ირანის ისლამური რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები თანხმდებიან, რომ შეიქმნება განხორციელების მექანიზმი, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს საბოლოო შეთანხმების წარმატებულ შესრულებასა და მომავალ ვალდებულებებს.
13. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, და მას მერე, რაც მიღებული იქნება გარანტიები წინამდებარე მემორანდუმის მე-4, მე-5, მე-10 და მე-11 მუხლების შესრულების დაწყებისა და ამ ნაბიჯების უწყვეტი განხორციელების შესახებ, ირანის ისლამური რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები დაიწყებენ მოლაპარაკებებს საბოლოო შეთანხმებაზე მხოლოდ დარჩენილ მუხლებთან დაკავშირებით.
14. საბოლოო შეთანხმება დამტკიცდება გაეროს უშიშროების საბჭოს სავალდებულო ძალის მქონე რეზოლუციით.
ბლუმბერგის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უკვე მოჰყვა რეაქცია თეირანში. ირანის საინფორმაციო სააგენტო „თასნიმი“ ანონიმურ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გამოქვეყნებული ტექსტის გარკვეული ნაწილები არაზუსტია, თუმცა რეპორტაჟში არ დაუკონკრეტებიათ, თუ რა იგულისხმება სხვაობაში. თავის მხრივ, Bloomberg-ი მანამდეც იტყობინებოდა, რომ მემორანდუმის ინგლისურ და სპარსულ ვერსიებს შორის ფორმულირებებში შესაძლოა გარკვეული სხვაობები ყოფილიყო.