რასა იუკნევიჩიენეს სკანდალური აღიარება და დადასტურება, რომ საქართველო დაისაჯა იმის გამო, რომ არ აჰყვა ომის წესებს ევროკავშირში გაწევრების სანაცვლოდ - ასე აფასებს "ქართული ოცნება" იუკნევიჩიენეს განცხადებას.
ევროპარლამენტარმა "ნეტგაზეთთან" ინტერვიუში თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ლაპარაკი 2022 წელს დაიწყო. უკრაინა-რუსეთის ომამდე კი ამის პოლიტიკური ნებაც კი არ არსებობდა. რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებულ ანგარიშს ევროპარლამენტში დღეს კენჭს უყრიან. დოკუმენტში ისმის კრიტიკა "ქართული ოცნების" მიმართ. მოთხოვნილია სანქციების დაწესება თანამდებობის პირების და მედიასაშუალებების მიმართ.
მორიგი ანტიქართული და ანტიდემოკრატიული რეზოლუცია - ასეთია ანგარიშის შესახებ მმართველი გუნდის პოზიცია.
"2022 წლის შემდეგ, რაც უკრაინა-რუსეთს შორის ომი დაიწყო, ის ეროვნული პოლიტიკა, რაც საქართველომ გაატარა, ის, რომ არ შევუერთდით სანქციებს კონკრეტულ შემთხვევაში, არ მოვახდინეთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ბლოკადა და, როგორც მოგვიწოდებდნენ ომში ჩავრთულიყავით და არ ჩავერთეთ, ზუსტად ეს არის მათი გამოხმაურება და სამაგიეროს გადახდა, რასაც აკეთებს დღევანდელი ბრიუსელი.
ისევ და ისევ რჩებიან შანტაჟის რეჟიმში, თითის ქნევის რეჟიმში, ხელის გადაგრეხის რეჟიმში. ეს რეზოლუცია ამაზე საუბრობს მხოლოდ. რასა იქნება, კაია კალასები თუ სხვა თანამდებობის თანამდებობის პირები, არა აქვს არსებითი მნიშვნელობა, ზოგადად, მათი რიტორიკა, პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის მიმართ არ იცვლება. ნებისმიერი მათი გადაწყვეტილება ორმაგი სტანდარტითაა გაჟღენთილი. ნებისმიერი მათი რეზოლუცია არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური შინაარსის მატარებელი და ამ ფორმატში თუ აპირებენ ჩვენთან ურთიერთობის გაგრძელებას, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ურთიერთობა წინ ვერ წავა", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა.