16 ივნისი 2026,   22:54
ვრცლად
"ჩვენ ჩვენი ინტერესებისთვის ვიბრძოლებთ" - რა პოზიციით ხვდება პოლონეთი უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნას

უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების გახსნა მხოლოდ დასაწყისია იმ პროცესისა, რომელშიც პოლონეთი საკუთარი ინტერესების დაცვას გეგმავს. აღნიშნული განცხადება ევროპულ საკითხებში პოლონეთის სახელმწიფო მდივანმა, იგნასი ნემჩიცკიმ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საერთო საქმეთა საბჭოს სხდომის კულუარებში გააკეთა.

პოლონელი მაღალჩინოსნის განმარტებით, ვარშავა გაწევრების შესახებ მოლაპარაკებებს საკუთარი ინტერესების ლობირებისთვის გამოიყენებს.
ნემჩიცკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კლასტერების გახსნა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, თუმცა ეს არ ნიშნავს მოლაპარაკებების დასასრულს და პროცესი რეალურად ახლა იწყება.

„გუშინ ჩვენ უკრაინასა და მოლდოვასთან პირველი კლასტერები გავხსენით. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. თუმცა, ასევე მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ ეს არ არის მოლაპარაკებების დასასრული. ეს მხოლოდ დასაწყისია“, - განაცხადა ნემჩიცკიმ.

მან დააზუსტა, რომ „კლასტერების გახსნა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ოფიციალურად წარვადგენთ პირობებს, რომლებიც კანდიდატმა სახელმწიფოებმა უნდა შეასრულონ“.

„ეს სწორედ ის მომენტია, როდესაც კანდიდატებს ოფიციალურ მოთხოვნებს ვუყენებთ... რა თქმა უნდა, ამ მოლაპარაკებებში ჩვენ ჩვენი ინტერესებისთვის ვიბრძოლებთ“, - ხაზგასმით აღნიშნა პოლონეთის სახელმწიფო მდივანმა.

საფრანგეთში „დიდი შვიდეულის“ (G7) ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ დროისთვის ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე ყველა კლასტერის გახსნის პროცესში შეფერხებებს „ვერავინ ხედავს“.

როგორც ცნობილია, 15 ივნისს, ლუქსემბურგში გამართულ ევროკავშირის მეორე სამთავრობათაშორისო კონფერენციაზე, ბრიუსელმა კიევთან პირველი სამუშაო კლასტერის გახსნის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

დღის ამბები