17 ივნისი 2026,   00:40
ვრცლად
თეთრ სახლში UFC-ის საღამოზე ტერაქტის მცდელობა აღკვეთეს

აშშ-ის ფედერალურმა სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს, რომლებიც, გამოძიების ვერსიით, თეთრ სახლში დაგეგმილ UFC-ის საღამოზე მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდნენ.

ტერაქტის სცენარი დრონებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას ითვალისწინებდა, - ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ფედერალურ სამართალდამცავ უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროს ცნობით, აშშ-ის სპეცსამსახურებისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს ერთობლივმა ჯგუფმა ეჭვმიტანილებს შორის არსებული საიდუმლო შეტყობინებები აღმოაჩინა, სადაც ისინი თავდასხმის დეტალებს განიხილავდნენ.

დგინდება, რომ ორგანიზებული ჯგუფი განიხილავდა დრონებზე გამანადგურებელი ტვირთის დამაგრებას, რასაც ხალხში მასობრივი პანიკა უნდა გამოეწვია. პარალელურად, გეგმის მიხედვით, შეიარაღებულ მსროლელს ცეცხლი უნდა გაეხსნა შეკრებილებისთვის.

მედიის ინფორმაციით უცნობია, ზუსტად რა ეტაპზე იყო ტერაქტის დაგეგმვის პროცესი და რამდენად ახლოს იყვნენ მისი განხორციელების ფაზასთან, სანამ სამართალდამცავები რეაგირებას მოახდენდნენ.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ დაკავებები ერთდროულად ოთხ ფედერალურ ოლქში განხორციელდა.

გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა, კეშ პატელმა სოციალურ ქსელში დაადასტურა სპეცოპერაციის ჩატარების ფაქტი და აღნიშნა, რომ შეთქმულებაში ჩართული პირები ვაშინგტონის ფარგლებს გარეთაც მოქმედებდნენ.

ოპერაციაში უწყების მონაწილეობა დაადასტურა სპეცსამსახურის დირექტორმა, შონ კარანმაც, რომლის განცხადებითაც, უწყების სპეციალური აგენტები და ტექნიკური უსაფრთხოების გუნდები მთელი დღე-ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ბრალდებულები პირების იდენტიფიცირებისა და მათი პასუხისგებაში მიცემის მიზნით. უსაფრთხოების სამსახურების ოპერატიული მუშაობის შედეგად, საფრთხის სრულად განეიტრალება მოხერხდა, აღკვეთილი თავდასხმების შესახებ ინფორმაცია კი პირველად Fox News-მა გაავრცელა.

UFC-ის საღამო, რომელიც კვირას გაიმართა, აშშ-ის დაარსების 250 წლის იუბილეს ფარგლებში დაიგეგმა და ის ემთხვეოდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 80 წლის იუბილესაც.

თეთრი სახლის სამხრეთით სპეციალურად აშენებულ არენაზე გამართულ სპორტულ ღონისძიებასა და მიმდებარე პარკში მოწყობილ ფესტივალს, ჯამში, 100 000-მდე ადამიანი დაესწრო.

თავად პრეზიდენტმა ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამ საფრთხის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია.
ღონისძიების ორგანიზებას 19-თვიანი დაგეგმვა და არაერთკვირიანი ტექნიკური სამუშაოები დასჭირდა.

პროექტის 60 მილიონი დოლარის ღირებულების ხარჯები სრულად UFC-მ დაფარა, ხოლო ფედერალური მთავრობა უშუალოდ მართლწესრიგზე, მედიკოსთა მობილიზებასა და უსაფრთხოების უმაღლეს ზომებზე იყო პასუხისმგებელი, რომელსაც სპეცსამსახური, კოლუმბიის ოლქისა და პარკების პოლიცია ერთობლივად აკონტროლებდნენ.

დღის ამბები