16 ივნისი 2026,   16:35
ვრცლად
ბრალის დადგენილების ჩაბარების შემდეგ, გვექნება პოზიცია მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე - კორუფციის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატი

ანტიკორუფციულმა სამსახურმა "საქართველოს რკინიგზის" ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და კიდევ 7 პირი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.

სუს-ის ცნობით, 8 პირიდან 2-ზე, მათ შორის, დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა, დანარჩენები კი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

საუბარია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის, ჯგუფურად ჩადენილი ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

როგორც მედიასთან ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებასთან თანამშრომლობდა, თუმცა მის წინააღმდეგაც გასცეს დაკავების განჩინება.

"ჯერ არ ჩაგვბარებია ბრალის დადგენილება. ბრალის დადგენილების ჩაბარების შემდეგ, რა თქმა უნდა, გვექნება ჩვენი მოსაზრება და პოზიცია მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავებულია, ის თანამშრომლობდა გამოძიებასთან, თუმცა, რატომღაც [მის წინააღმდეგ] გასცეს დაკავების განჩინება," - აღნიშნა ადვოკატმა, დიანა გვიშიანმა.

დღის ამბები