სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში შშმ პირთათვის მომსახურებების მისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. დისკუსიის ფორმატში განიხილეს კონკრეტული რეკომენდაციები და მათი დანერგვის გზები.
სააგენტოში აცხადებენ, რომ პრიორიტეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სახელმწიფო სერვისების მიღების გამარტივება, ასევე, დისტანციურ მომსახურებაზე მისაწვდომობის გაზრდაა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, პარლამენტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ვებ-მისაწვდომობის ტექნიკურ რეგლამენტზე მუშაობის პროცესს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით მიმდინარე საქმიანობაში შშმ პირთა ხედვები, ინიციატივები და რეკომენდაციები სრულფასოვნად იყოს გათვალისწინებული.
„საქართველოს პარლამენტისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენი თანამშრომლობა ვებ-მისაწვდომობის ტექნიკურ რეგლამენტზე მუშაობის მხრივ და მნიშვნელოვანი არის, რომ მთელ ამ პროცესებში შშმ პირთა იდეები არის წარმოდგენილი, მათი ინიციატივები, იდეები არის ძალიან საინტერესო ჩვენთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფორმატები მომავალშიც იქნება პროაქტიულად განხორციელებული", - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.