15 ივნისი 2026,   23:17
ვრცლად
გეოპოლიტიკური გამოწვევები, ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირები და საერთო ღირებულებები - საქართველოში სერბეთის პრეზიდენტის ვიზიტი მიხეილ ყაველაშვილთან პირისპირ შეხვედრით დაიწყო

სერბეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ათონელის სასახლეში სტუმრობით დაიწყო. კოლეგას მიხეილ ყაველაშვილმა უმასპინძლა.

ალექსანდარ ვუჩიჩის ვიზიტი ისტორიულიცაა, რადგან ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალურად სტუმრობს.

პროტოკოლით გათვალისწინებული ნაწილის შემდეგ, მხარეებმა ათონელის რეზიდენციაში გადაინაცვლეს. გეოპოლიტიკური გამოწვევები, ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო კავშირები და საერთო ღირებულებები - ეს საქართველოს და სერბეთის პრეზიდენტებს შორის საუბრის მთავარი საკითხები იყო. მიხეილ ყაველაშვილმა ყურადღება იმ საერთო გამოწვევებზე გაამახვილა, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე ერთმანეთის მხარდაჭერისთვის მყარ საფუძველს ქმნის. პირისპირ შეხვედრის დროს ლიდერებმა გლობალური მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაზე იმსჯელეს.

ისტორიული ვიზიტის ფარგლებში სერბეთის პრეზიდენტი საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრებთან ერთად ეწვია. თბილისში დაგეგმილი შეხვედრების მნიშვნელობაზე ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა. მარიამ ქვრივიშვილი სერბეთის დელეგაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა. მისი თქმით, კავშირები ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გამყარებისთვის აუცილებელია. საქართველოში გამართული მოლაპარაკებები კი განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს იმ ფონზე, როდესაც ორი სახელმწიფო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების პროცესშია.

სერბეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია. თბილისში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრ ვუჩიჩი სახელმწიფო დელეგაციის წევრებთან ერთად გმირთა მემორიალს სტუმრობდა, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ალექსანდარ ვუჩიჩი თბილისში მეუღლესთან ერთად იმყოფება. საქართველოს პრეზიდენტის მეუღლემ დღესვე სერბ სტუმარს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში უმასპინძლა. თამარა ვუჩიჩმა მუზეუმის ოქროს ფონდი დაათვალიერა. ვიზიტის ფარგლებში სერბეთის პრეზიდენტის მეუღლე საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, უნიკალურ არქეოლოგიურ აღმოჩენებს და ქართული ოქრომჭედლობის საგანძურს გაეცნო.

ორი ქვეყნის პრეზიდენტების მეუღლეები საპატრიარქოშიც იმყოფებოდნენ და კათალიკოს- პატრიარქს შიო მესამეს შეხვდნენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სერბეთის პრეზიდენტს ხვალ შეხვედრები უკვე სამთავრობო დონეზე ექნება. ალექსანდარ ვუჩიჩი შეხვდება პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძესთან პირისპირ საუბრის შემდეგ, მხარეები მუშაობას გაფართოებულ ფორმატში გააგრძელებენ, სადაც ორმხრივი თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ.

დღის ამბები