15 ივნისი 2026,   15:24
ვრცლად
დიდ ბრიტანეთში 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალური მედიის გამოყენებაზე აკრძალვა 2027 წლის გაზაფხულისთვის ამოქმედდება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 16 წლამდე ასაკის პირებს სოციალური მედიის გამოყენება აეკრძალებათ. კირ სტარმერის განმარტებით, შესაბამისი რეგულაცია მიმდინარე წლის დეკემბრამდე იქნება მიღებული, უშუალოდ აკრძალვა კი 2027 წლის გაზაფხულიდან შევა ძალაში.

მთავრობის მეთაურის თქმით, გადაწყვეტილება მარტივი არ არის, თუმცა აუცილებელია და სრული შეზღუდვა ერთადერთი სწორი ნაბიჯია. სტარმერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ, როგორც ორი შვილის მამას, მას კარგად ესმის მშობლების შფოთვა ციფრულ სივრცესთან დაკავშირებით.

მისივე შეფასებით, სოციალური მედია ბავშვებს უბედურს ხდის, ხელს უწყობს ბულინგს და მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ პლატფორმების ალგორითმები ხშირად სპეციალურად ისეა შექმნილი, რომ მოზარდებში დამოკიდებულება გააჩინოს. ამასთან, სოციალური ქსელები არასრულწლოვნებს სწავლაში, მეგობრებთან ურთიერთობასა და ძილში უშლის ხელს, რაც, საბოლოო ჯამში, მათ განვითარებას აზიანებს.

„ნუთუ მართლა გვჯერა, რომ სოციალური მედია ქმნის ბედნიერ გარემოს ჩვენი ბავშვებისთვის? ნუთუ გვჯერა, რომ ეს მათთვის უსაფრთხო სივრცეა?“ – განაცხადა სტარმერმა.

ბრიტანეთის პრემიერმა იქვე დასძინა, რომ აკრძალვის განხორციელება რთული იქნება როგორც კანონმდებლობის, ისე მისი აღსრულების მხრივ. მისი თქმით, იმ პლატფორმებს, რომლებსაც ეს შეზღუდვა არ შეეხება (მაგალითად, სათამაშო ინდუსტრიას), დაევალებათ უზრუნველყონ, რომ ბავშვებმა ვერ შეძლონ უცხო ადამიანებთან მიმოწერის ფუნქციით სარგებლობა.

„ეს ჩვენს შვილებს უფრო ბედნიერს გახდის. ჩვენ მათ მეტ დროს, მეტ უსაფრთხოებას, მეტ თავისუფლებასა და შესაძლებლობებს მივცემთ. საბოლოო ჯამში, სწორედ ეს არის ამ მთავრობის მიზანი“, – აღნიშნა კირ სტარმერმა.

დღის ამბები