"განუსაზღვრელი შესაძლებლობები" - პარაგრაფში ბაჩო ოდიშარიას ფილმის პრეზენტაცია გაიმართა. სცენარი ქართველი პარალიმპიელების წარმატებებსა და ქვეყანაში შშმ პირთა უფლებების დაცვის საკითხებს ეხება.
პრემიერას პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრები და დეპუტატები დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ ფილმი, რომელიც ფონდ "ქართუს" დაფინანსებით შეიქმნა, უკვე აჩვენეს გაეროს შტაბბინაში.
"დოკუმენტური ფილმი პარაოლიმპიურ მოძრაობაზე სინამდვილეში არის ფილმი გამარჯვებების ისტორიაზე და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მისი გადაღება შესაძლებელი გახდა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის, ფონდი "ქართუს" ქველმოქმედების შედეგად. ეს მხარდაჭერა დარწმუნებული ვარ განვითარების სხვა ეტაპზე აიყვანს მთლიანად პარაოლიმპიურ მოძრაობას და ჩვენს პარაათლეტებს, რაც კონკრეტულ შედეგებში ძალიან მალე აისახება. ჩვენ უკვე გვქონდა ამ ფილმის პრემიერა გაეროში, სადაც ძალიან დიდი გამოხმაურება და წარმატება ახლდა წილად და დარწმუნებული ვარ, რომ ის ქართველი მაყურებლისთვისაც დასამახსოვრებელი იქნება", - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.