მმართველ გუნდში ტელეკომპანია "პირველის" მიერ გავრცელებულ კადრებს შეფასებები მოჰყვა. ირკვევა, რომ ჟურნალისტები მასალის გავრცელებამდე ფლობდნენ რეალურ ინფორმაციას, რომ ბრალდებულები უკვე დაკავებულები არიან, თუმცა ფაქტი შეგნებულად დამალეს.
საქმე ეხება 2022 წელს ჩადენილ დანაშაულს, რომელშიც იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამი თანამშრომელი ფიგურირებს და რომელზეც გამოძიება მიმდინარე წლის თებერვალში, სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო.
ირკვევა ისიც, რომ "ნოდარ მელაძის შაბათს" პროკურატურამ აღნიშნული ინფორმაცია სრულად მიაწოდა, თუმცა ეთერში ის მაინც არ გაჟღერდა. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ძალის გადამეტების ცალკეული შემთხვევის მიმართ, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, სახელმწიფო განუხრელად რეაგირებს.
ითქვა ისიც, რომ ტელეკომპანიამ ფაქტი ინფორმაციის წინასწარ ქონის შესახებ შეგნებულად დამალა და ანონსში არ ასახა რეალობა, რომ ბრალდებულები უკვე დაკავებულები არიან. ეს იმ ფონზე, როდესაც თებერვალში თავად "ტვ პირველსაც" ჰქონდა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ძალადობაში მხილებული სამივე პირი ბრალდებულების სახით, შესაბამისი მუხლით დააკავეს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი აცხადებს, რომ ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაციის მცდელობა.
"ეს პირდაპირ შეიძლება შეფასდეს როგორც მიზანმიმართული მცდელობა სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაციისა. ვინაიდან, ძალიან კარგად მოეხსენებათ რადიკალებს, რომ სწორედ ჩვენი საამაყო პოლიციელები, სამართალდამცველები იყვნენ ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელმაც არ დაუშვა ამ ქვეყანაში ძალადობრივი გზით და ძალადობრივი სცენარით პროცესების განვითარება, რევოლუციების მოწყობა. ახლა ისინი ცდილობენ, რომ ცალკეული ფაქტები გამოამზეურონ, აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოგლეჯილად, შესაბამისი მნიშვნელოვანი ინფორმაციის გარეშე", - აცხადებს თორნიკე ჭეიშვილი.