14 ივნისი 2026,   13:55
ვრცლად
რაჭის რეგიონის პოტენციალის პოპულარიზაციისა და შიდა ტურიზმის წახალისების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საინფორმაციო ტურს მართავს

რაჭაში, დღეს, მედიისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ჩავიდნენ. მიზანი - უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის, სათავგადასავლო, ეკო და გასტრო ტურიზმის მიმართულების პოპულარიზაციაა.

თბილისიდან ჩასული სტუმრების მიზანი სხვადასხვა მიმართულების გაცნობაა, მათ შორის ინფრასტრუქტურის, რომელიც რეგიონში, ბოლო პერიოდში აქტიურად ვითარდება. შენდება სასტუმროები და კოტეჯები, რომლებიც უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებსაც მასპინძლობს.

უნიკალურ ბუნებასთან ერთად, გამორჩეულია რაჭველების სტუმართმოყვარეობა და ადგილობრივი კულინარია. ონში ჩასული სტუმრები ტრადიციულ კერძებს აგემოვნებენ.

ტურისტებისთვის სიახლეა, გაიხსნა რაჭის მუზეუმი, სადაც 14 000 -ზე მეტი ექსპონატი ინახება. სივრცე არქეოლოგიურ, გეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ ნიმუშებს აერთიანებს.

საინფორმაციო ტურის მიზანი შიდა ტურიზმის წახალისება და საერთაშორისო ვიზიტების ზრდის ხელშეწყობაა. ადგილობრივების თქმით, უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

საინფორმაციო ტური, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება. 8 ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი, რაჭაში, სამი დღის განმავლობაში თითქმის ყველა ისტორიულ ადგილს ნახავს. მათ შორის, სოფელ მრავალძალის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს, ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესიას და ონის ისტორიულ სინაგოგას.

დღის ამბები