ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში, პირველი უმაღლესი დონის სამთავრობო ვიზიტი საქართველოდან ყირგიზეთში, რომელიც ახალ ბიძგს მისცემს ორი ქვეყნის ურთიერთობებს. საქართველო-ყირგიზეთს შორის მრავალსექტორული პარტნიორობის გაძლიერების კუთხით რომ დიდი პოტენციალი არსებობს, პრემიერ-მინისტრმა ყირგიზეთის პრეზიდენტს პირადად გადასცა. ირაკლი კობახიძეს და ქართულ დელეგაციას სადირ ჟაპაროვმა პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, ორ მხარეს შორის გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გაიმართა.
ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაციის ბიშკეკში ვიზიტს ისტორიული უწოდა ყირგიზეთის პრეზიდენტმაც. პოლიტიკური დიალოგი, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, საინვესტიციო და დარგობრივი თანამშრომლობა, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განვითარება - შეხვედრაზე ორმხრივი დღის წესრიგის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.
სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების უფრო განვითარების დასტურად ირაკლი კობახიძემ და სადირ ჟაპაროვმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დოკუმენტს. სექტორული თანამშრომლობის კუთხით, კი სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელებმა მემორანდუმები გააფორმეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ყირგიზ კოლეგასთან 2027-28 წლების თანამშრომლობის პროგრამა გააფორმა და შეთანხმება დადო, რაც ტრანსპორტირებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გაცვლას ითვალისწინებს.
საქართველო-ყირგიზეთს შორის, სამოქალაქო ავიაციის და სახელმწიფო ქონების მართვის სფეროში თანამშრომლობის თაობაზე მემორანდუმებს მოაწერა ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.
ყირგიზეთის მხარესთან ურთიერთგაგების მემორანდუმები გაიცვალა სამართლებრივ, რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოების, ვეტერინარიის და განათლების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, შეთანხმებები, რომლებსაც დღეს მოეწერა ხელი, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს და ხელს შეუწყობს სახელმწიფო უწყებებს შორის დარგობრივი პარტნიორობის გაძლიერებას. ბიშკეკში ვიზიტს, ირაკლი კობახიძემ პროდუქტიული და კონკრეტული შედეგების მომტანი უწოდა.
ყირგიზეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა. სხდომაზე ითქვა, რომ ცენტრალური აზიის რეგიონთან, მათ შორის ყირგიზეთის რესპუბლიკასთან პარტნიორობის გაძლიერება საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სტრატეგიული მდებარეობის საშუალებით, საქართველო მზად არის, უზრუნველყოს ევროპისა და აზიის დაკავშირებადობის გაძლიერება, ამიტომ საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სტრატეგიულ ინვესტიციებს და ავითარებს სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურას.
ავტორი: კესო ქაფიანიძე