"ევროკომისიის მიერ უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერება ტენდენციურ ანგარიშს ეფუძნება", - ასე პასუხობს ბრიუსელში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით "კურიერის" კითხვას საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების განმარტებით, მხარეებმა იმსჯელეს ევროკომისიის 6 მარტის გადაწყვეტილებაზე, რომელიც დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო გამონაკლისის დროებით შეჩერებას ეხება.
ქართული მხარის შეფასებით, ევროკომისიის ეს ნაბიჯი დაუსაბუთებელი და უსამართლოა.
მიუხედავად ამისა, საგარეო უწყების ცნობით, დიალოგის ფორმატში განიხილეს ევროკავშირის მიერ დასახელებული მიზეზები, გაცემული რეკომენდაციები და მათი შესრულების მიზნით საქართველოში უკვე გატარებული თუ მიმდინარე ღონისძიებები.
საკითხზე შეფასებები კეთდება, ასევე, მმართველ გუნდში. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია საკითხმა კონსტრუქციული დიალოგის სფეროში გადაინაცვლოს.
"გუშინდელმა შეხვედრამ ჩაიარა ისე, როგორც პირველ ასეთ შეხვედრას უნდა ჩაევლო. შეხვედრას, რომელიც პირველი იყო მრავალთვიანი გაყინული ურთიერთობების შემდეგ. ამიტომ იყო კარგი შესაძლებლობა, რომ მხარეებს თავიანი პოზიციები დაეფიქსირებინათ. ეს იყო სამუშაო შეხვედრა და ქართულმა მხარემ სამართლებრივად, დეტალურად, მათი ინტერესის შესაბამისად, გაიარა თითოეული კანონი, რომელიც მათ აინტერესებდათ.
თუ ისინი კვლავ აპირებენ ამ სამართლებრივ არგუმენტებს დაუპირისპირონ უკვე მრავალჯერ გაცვეთილი პოლიტიკური ფრაზები, ეს პოლიტიკოსების საქმეა. ამისთვის არის საჭირო პოლიტიკური დიალოგი და პოლიტიკურ ფორმატში შეგვიძლია ამ საკითხების დეტალურად განხილვა.
ჩვენ გასული პერიოდის განმავლობაში, ვიხილეთ ვიზალიბერალიზაციის შანტაჟის იარაღად გამოყენება და გამოყენების მცდელობა. ეს საკითხი იქცა პოლიტიკური ჭიდილის ერთ-ერთ ინსტრუმენტად. ჩვენ ძალისხმევას არ ვაკლებთ და არც მომავალში დავაკლებთ, ეს საკითხი ამ პოლიტიკური ჭიდილის სფეროდან გამოვიტანოთ და დავუბრუნოთ კონსტრუქციული დიალოგის სფეროს," - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.