ცესკოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოქვეყნებულ დოკუმენტში საუბარი არ არის რაიმე არსებით გადაცდომაზე და ყველა საკითხთან მიმართებაში არსებობს შესაბამისი ახსნა-განმარტება, რაც უწყებას წარდგენილი აქვს აუდიტის სამსახურში, ხოლო მიღებული 7 რეკომენდაციიდან 6 უკვე შესრულდა, 1 კი დიდწილად შესრულებულია.
"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2023-2024 წლებში განხორციელებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტი, რომლის შედეგები 8 ივნისს საჯაროდ განთავსდა ვებგვერდზე და ამავე დღეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გაიმართა მოსმენა.
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, როგორც დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანოსთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული სამუშაო და ის რეკომენდაციები, რომელიც გაიცა ცესკოს მიმართ. ეს არის მნიშვნელოვანი სამუშაო პროცესი, რომლის დროსაც მიღებული რეკომენდაციები ემსახურება პროცესის კიდევ უფრო დახვეწა/გაუმჯობესებას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გამოქვეყნებულ დოკუმენტში საუბარი არ არის რაიმე არსებით გადაცდომაზე და ყველა საკითხთან მიმართებაში არსებობს შესაბამისი ახსნა-განმარტება, რაც უწყებას წარდგენილი აქვს აუდიტის სამსახურში, ხოლო მიღებული 7 რეკომენდაციიდან 6 უკვე შესრულდა, 1 კი დიდწილად შესრულებულია.
ამის მიუხედავად, დაინტერესებული მხარეები ცდილობენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნა მანიპულაციური განცხადებებით ცესკოს დისკრედიტაციისთვის გამოიყენონ. მანიპულაციური და დისკრედიტაციული განცხადებების ავტორებს საკმარისი იყო წაეკითხათ აუდიტის რეკომენდაციების შესრულების ანგარიში, რომელიც საჯაროდ იქნა განხილული პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე და ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები აღარ ექნებოდათ, თუმცა მათ ინტერესში არა სიმართლის გარკვევა, არამედ სხვადასხვა ტიპის მანიპულაციური ინფორმაციით საარჩევნო ადმინისტრაციის დაზიანებაა.
საარჩევნო ადმინისტრაცია გააგრძელებს ამომრჩევლის ინფორმირებას მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაციით და არ დატოვებს უპასუხოდ მცდარი აღქმების შექმნის ნებისმიერ მცდელობას, ვისგანაც უნდა მოდიოდეს ის," - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.