12 ივნისი 2026,   14:15
ვრცლად
საქართველოს და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის ვეტერინარიისა და რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, ყირგიზეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ვეტერინარიისა და რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმებს მოაწერა ხელი. დავით სონღულაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფება.

თანამშრომლობის მემორანდუმები საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებას, საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოებას და შესაბამის სფეროებში საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას შეუწყობს ხელს.

„საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის. ეს, ბუნებრივია, აისახება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე სხვადასხვა მიმართულებით. ვიზიტის ფარგლებში გავაფორმეთ მემორანდუმები როგორც ვეტერინარიის, ისე რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფეროებში, რაც მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად. ამასთან, მიმდინარეობს მუშაობა სხვა მიმართულებებითაც, რათა პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდეს“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ყირგიზეთის რესპუბლიკის ბუნებრივი რესურსების, ეკოლოგიისა და ტექნიკური ზედამხედველობის სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობასა და ინფორმაციის გაცვლას ითვალისწინებს.

თანამშრომლობა მოიცავს მარეგულირებელი პრაქტიკისა და კანონმდებლობის გაზიარებას, ლიცენზირებისა და ზედამხედველობის საკითხებს, რადიოაქტიური ნარჩენების მართვას, ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალების უსაფრთხოების უზრუნველყოფას, საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების მექანიზმების განვითარებას, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, კადრების გადამზადებასა და პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკის წყლის რესურსების, სოფლის მეურნეობისა და გადამმუშავებელი მრეწველობის სამინისტროს ვეტერინარიის, მეცხოველეობის განვითარების, საძოვრებისა და ცხოველის საკვების სამსახურს შორის.

დოკუმენტის მიზანია ვეტერინარიის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება, ცხოველთა ინფექციური, მათ შორის ზოონოზური დაავადებების გავრცელების პრევენცია და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებით ვაჭრობის ხელშეწყობა.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ ვეტერინარიის სფეროში გამოცდილების გაზიარების, ცხოველთა დაავადებების კონტროლის, ვეტერინარულ-სანიტარიული მოთხოვნებისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების მიკვლევადობის სისტემების გაუმჯობესების მიმართულებით. დაგეგმილია ერთობლივი სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრებისა და სასწავლო პროგრამების განხორციელება, ვეტერინარული და სანიტარიული უსაფრთხოების სფეროში სამეცნიერო კვლევების ჩატარება და ტექნიკური მხარდაჭერის გაძლიერება.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობის წევრებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

დღის ამბები