მზადდება მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერას ქართულ და ჩინურ უნივერსიტეტებსა და კოლეჯებს შორის, ერთობლივი ახალგაზრდული პროგრამების დანერგვას, საქართველოში ჩინური ენის სწავლების გაფართოებას და ა.შ. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, დოკუმენტი ერთობლივი ახალგაზრდული პროექტების დანერგვასთან ერთად, საქართველოში ჩინური ენის სწავლების გაფართოებასაც ითვალისწინებს, რაც ორ ქვეყანას შორის გაფორმებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების ნაწილია.
"როგორც მოგეხსენებათ, გუშინ გაფორმდა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის. ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.
მას შემდეგ, რაც 3 წლის წინ ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას, ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის ძალზე დინამიურად განვითარდა:
- მხოლოდ გასული 6 თვის განმავლობაში, ჩინეთში შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და 5 მინისტრის ვიზიტი. თითოეული ეს ვიზიტი კონკრეტულ შედეგებზე იყო ორიენტირებული. მთლიანობაში, 2023 წლის შემდეგ, გაფორმდა 14 უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის, ხოლო საბოლოო განხილვის ეტაპზეა 6 შეთანხმება;
- 2024 წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 17%-ით, 2025 წელს 21%-ით, ხოლო 2026 წლის იანვარ-აპრილში - 45%-ით გაიზარდა.
-დღეს ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის იკავებს მე-3 ადგილს საერთო ვაჭრობის მიხედვით და მე-2 ადგილს ქართული წარმოების ექსპორტის მიხედვით.
-აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ჩინეთში ქართული წარმოების ექსპორტი 3-ჯერ გაიზარდა.
-გასული წლის ნოემბერში ხელი მოეწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაღრმავებას საქართველოსა და ჩინეთს შორის.
-შარშან საქართველო მთავარი სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე.
-2023 წლის ბოლოს საქართველოსა და ჩინეთს შორის პირველად გაიცვალა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვები, რამაც ხელი შეუწყო ორ ქვეყანას შორის საავტომობილო მიმოსვლის განვითარებას.
-2024 წელს საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს ჩინეთ-ევროპის სარკინიგზო ექსპრესისთვის ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების შესახებ.
-ამ და სხვა ნაბიჯების შედეგად, 2025 წელს ჩინეთიდან და ჩინეთში შუა დერეფნით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
-ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას პირდაპირი წვლილი შეაქვს ქართული ეკონომიკისა და ეროვნული წარმოების განვითარებაში;
- სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, 2023-24 წლებში ამოქმედდა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს და ჩინეთის მოქალაქეებისთვის.
-უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ დამატებითი ბიძგი მისცა პირდაპირი ფრენების დამატებას და მგზავრთნაკადის მნიშვნელოვან ზრდას საქართველოსა და ჩინეთს შორის.
-2024 წელს საქართველოში ჩინელი ვიზიტორების რაოდენობა 83%-ით, 2025 წელს 44%-ით, ხოლო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 49%-ით გაიზარდა.
-დღეს საქართველოს ბაზარზე უკვე 3 ჩინური ავიაკომპანია ოპერირებს.
-შარშან ავიაკომპანია Air China-მ პეკინი-ურუმჩი-თბილისის მიმართულება დაამატა, ივლისიდან ავიაკომპანია China Southern ამატებს ანალოგიურ რეისს, ხოლო 15 ივლისიდან ავიაკომპანია China Eastern იწყებს პირდაპირ ფრენებს შანხაი-თბილისის მიმართულებით.
-აღსანიშნავია, რომ წელს აზიის ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა ITB China შანხაიში საქართველოს ეროვნულ სტენდთან გაიხსნა, რაც საქართველოს მიმართ ჩინური მხარის განსაკუთრებულ ყურადღებაზე მეტყველებს;
-მნიშვნელოვნად გაღრმავდა პარტნიორობა საქართველოსა და ჩინეთის განათლების სამინისტროებს შორის.
-მზადდება მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერას ქართულ და ჩინურ უნივერსიტეტებსა და კოლეჯებს შორის, ერთობლივი ახალგაზრდული პროგრამების დანერგვას, საქართველოში ჩინური ენის სწავლების გაფართოებას და ა.შ.
ეს არის იმ შედეგების არასრული ჩამონათვალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებამ მოუტანა. სრულიად თვალნათელია, რომ ეს არ არის სტრატეგიული პარტნიორობა ქაღალდზე, არამედ ის აისახება სრულიად კონკრეტულ სარგებელში ორივე ქვეყნისთვის. სწორედ ასეთი უნდა იყოს სამაგალითო სტრატეგიული პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის, რომელიც ურთიერთპატივისცემას, სამართლიანობასა და ღირსებას ეფუძნება და რომელიც ორმხრივ სარგებელზეა ორიენტირებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არის უდიდესი მასშტაბის სუპერსახელმწიფო, ჩინეთის ხელისუფლებამ ჩვენთან თანამშრომლობა განავითარა უმოკლეს დროში და მაქსიმალური ეფექტიანობით. რაც განსაკუთრებით დასაფასებელია, ჩინეთის ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას ეპყრობა როგორც თანასწორს და თანატოლს, რაც გლობალური პოლიტიკის არსებული მანკიერებების ფონზე, განსაკუთრებულად თვალშისაცემი და დასაფასებელია.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, რომელიც, გასული 50 წლის გამოცდილების გათვალისწინებით, არის ერთადერთი მშვიდობიანი სუპერსახელმწიფო მსოფლიოში. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ჩინეთის ხელისუფლებას მადლობას გადავუხდი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.
ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება საფუძველს ჩაუყრის ახალ ეტაპს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების გზაზე, რაც ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.
მადლობა მინდა გადავუხადო სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის ყველა იმ წევრს, რომლის საქმიანობამაც მოიტანა ეს უმნიშვნელოვანესი შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სამთავრობო გუნდის წევრებს - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილს და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ბატონ გივი მიქანაძეს მათი ძალისხმევისთვის. მადლობას ვუხდი საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს, რომელმაც ხელი მოაწერა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას საქართველოს სახელმწიფოს სახელით.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ჩინელ პარტნიორებს: პირადად პრეზიდენტ სი ძინ პინს, რომელმაც ხელი მოაწერა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას საქართველოსთან. მადლობა მინდა გადავუხადო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერს და პარტნიორ მინისტრებს. მადლობას ვუხდი ჩინეთის ელჩს საქართველოში, ბატონ ჭოუ ციენს, რომლის პირადმა ძალისხმევამ და მხარდაჭერამ უდიდესი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ქართულ-ჩინური ურთიერთობები თავდაპირველად სტრატეგიული პარტნიორობის, ახლა კი უკვე ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ამაღლდა.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანს ხელშესახებ სარგებელს მრავალი მიმართულებით", - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.