ვიზალიბერალიზაციის თემის გააქტიურება ოფიციალური თბილისისთვის პოლიტიკური სპექტაკლის და შანტაჟის ნაწილია. ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საკითხების დირექტორატი არა უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე, არამედ იმ ტექნიკურ საკითხზე იმსჯელებს რაც დიპლომატიურ პასპორტებზე სავიზო შეზღუდვებს უკავშირდება. ამის მიუხედავად, ოპონენტების მხრიდან ამ თემით სპეკულაცია, საპარლამენტო ჯგუფებისთვის გარე ძალების დავალების შესრულება და მუქარაა, რომელსაც საერთაშორისო ზეწოლის ბერკეტად იყენებენ.
ხელისუფლების ოპონენტებისთვის ევრობიუროკრატიის დამოკიდებულება, არც მუქარად და არც შანტაჟად არ აღიქმება. ამბობენ, რომ თუ ევროსტრუქტურებს ამ ნაბიჯის გადადგმა მოუწევთ პასუხისმგებლობა საქართველოს დაეკისრება.
რა ხდება ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით და როგორია რეალური სურათი - თემაზე პოლიტიკური დებატები "რუსთავი 2-ის" ეთერში შედგა. პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ახსნა, რომ საქართველო თითქმის ყველა კანდიდატ ქვეყანაზე წინაა და ამას ევროპული სტრუქტურების ანგარიშებიც ადასტურებს, თუმცა მონაცემების უგულებელყოფას კონკრეტული ინტერესი აქვს - ქვეყანა მუდმივად შანტაჟში ამყოფონ.
სახელისუფლებო პარტიაში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხების დათმობას ვერცერთი გადაწყვეტილება ვერ აიძულებთ. ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მოწვევით გამართულ შეხვედრას ქართული მხარეც დაესწრება. ევროპის დედაქალაქში საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები ჩავლენ.