ადამიანები, რომლებმაც უმძიმესი გამოცდილება პირად გამარჯვებად აქციეს, დაწესებული ბარიერები გადალახეს და საკუთარი შესაძლებლობების საზღვრები თავიდან განსაზღვრეს.
ქართველი პარალიმპიელები დღეს ქართული სპორტის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ეპოქას ქმნიან.
შრომით, მიზანდასახულობითა და შეუპოვარი ბრძოლით ისინი იმ ცვლილებების სიმბოლოდაც იქცნენ, რომლებიც საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და თანასწორობის სფეროში განხორციელდა.
"განუსაზღვრელი შესაძლებლობები" - ასე ჰქვია ქართულ დოკუმენტურ ფილმს, რომლის ჩვენებაც გაეროში გაიმართება. რეჟისორის თქმით, ფილმის შექმნას საფუძვლად ქართველი პარასპორტსმენების ისტორიები დაედო.
ფილმის ჩვენება გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების გენერალურ ასამბლეაზე 11 ივნისს გაიმართება. ჩვენებას ნიუ-იორკში რეჟისორთან ერთად პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი დაესწრება.
ფილმი, რომელიც ქართველი პარალიმპიელების წარმატებასა და ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მოგვითხრობს, ფონდი "ქართუს" დაფინანსებით შეიქმნა. დოკუმენტური ნამუშევარი საერთაშორისო ტრიბუნის შემდეგ ქართველი მაყურებლის წინაშეც წარდგება.
არაერთი საერთაშორისო ტრიუმფის შემდეგ, ქართველი პარასპორტსმენების ისტორიები ამჯერად გაეროში გაჟღერდება. ეს იქნება კიდევ ერთი ხმამაღალი განაცხადი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ არსებობს შესაძლებლობები, რომლებიც განუსაზღვრელია.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი