09 ივნისი 2026,   17:20
ვრცლად
თავისუფლება არის ყველაზე ღირებული და ყველაფრად ღირს. დიდი მადლობა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეთ - 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებული 7 პირი, რომლებთანაც საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, თავისუფალია

4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებული 7 პირი, რომლებთანაც საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, თავისუფალია. დაკავებულები სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

დღესვე, დანაშაული აღიარა 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებულმა კიდევ რვა პირმა. საქმის პროკურორის განცხადებით, დაკავებულებმა აღიარებასთან ერთად დანაშაული მოინანიეს, რის გამოც მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება.

საქმის ფარგლებში პასუხისგებაში მიცემული 64 პირიდან სახელმწიფო ბრალდებას 21-მა უკვე მიმართა აღიარებით და საპროცესო შეთანხმება ითხოვა.

საპროცესო შეთანხმების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთეს ბრალდებულებმა.

"თავისუფლება არის ყველაზე ღირებული და ყველაფრად ღირს. დიდი მადლობა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეთ. მე უბრალოდ ცოტა მოხუცი ვარ. მადლობა ყველას", - განაცხადა ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა.

ადვოკატის, მარიამ ძირკვაძის განცხადებით, ბრალის აღიარების საფუძველზე, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

"რა თქმა უნდა, ვაღიარებთ ბრალს და, შესაბამისად, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, ბრალის აღიარების საფუძველზე", - განაცხადა დაცვის მხარის ადვოკატმა.

პროკურორის, როინ ხინთიბიძის განცხადებით, მათ, ვისაც სურვილი აქვს, რომ ბრალი აღირონ და ჩადენილი დანაშაული მოინანიონ, ამის შესაძლებლობა, განაჩენის გამოტანამდე, ჯერ კიდევ აქვთ.

"8 ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს. როგორც მათ დავპირდით, ჩვენს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, ისინი დამნაშავედ ცნეს წარდგენილ ბრალდებაში და ყველა მათგანს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა სამი წლით, რაც ჩაეთვალათ პირობით, სამი წლით გამოსაცდელი ვადით.

თუკი კიდევ სურს აღიაროს ჩადენილი დანაშაული, გულწრფელად მოინანიოს და მოგვმართოს განცხადებით, მათ ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ აქვთ, სანამ განაჩენი გამოცხადდება", - განაცხადა როინ ხინთიბიძემ.

 

დღის ამბები