09 ივნისი 2026,   16:59
ვრცლად
ყველა განკარგულება, დადგენილება, არის ღია, საჯარო და ეს, მათ შორის, მნიშვნელოვანია კორუფციული რისკების დაზღვევის მიმართულებითაც - ლევან ჟორჟოლიანი

გამჭვირვალობის რეიტინგით, საქართველოს მთავრობა მსოფლიოში 14-ე ადგილზეა და ევროპის საუკეთესო ათეულშია. მსოფლიო რეიტინგს "ჩენდლერის ინსტიტუტი" კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში აქვეყნებს.

მთავრობის გამჭვირვალობით, საქართველო უსწრებს "დიდი შვიდეულის" 4 ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და NATO-ს წევრ 26 სახელმწიფოს.

გამჭვირვალობის ინდექსი ეფუძნება ორ გლობალურ ანგარიშგებას და ფასდება ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა გამჭვირვალობა, გამოქვეყნებული კანონები და მთავრობის მონაცემები.

ანგარიში შეაფასა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა.

"გამჭვირვალობა და კეთილსინდისიერება არის ის ორი მთავარი ამოსავალი წერტილი, რომელსაც უნდა ეფუძნებოდეს ყველა მთავრობის მუშაობა.

გამჭვირვალობის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. პირველ რიგში, ეს არის სამთავრობო გადაწყვეტილებების გამოქვეყნება, რომელიც არ ქვეყნდებოდა და იყო სამწუხარო პრაქტიკა. ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი, ყველა განკარგულება, დადგენილება, არის ღია, საჯარო და ეს, მათ შორის, მნიშვნელოვანია კორუფციული რისკების დაზღვევის მიმართულებითაც.

თუკი ვინმეს რაიმე შენიშვნა, ან მოსაზრება ექნება კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, ყველაფერი არის ღია და საჯარო - შეუძლიათ, მოგვმართონ. ფაქტობრივად, სრულად ვაზღვევთ იმ კორუფციულ რისკებს და სამწუხარო პრაქტიკას, რომელიც აქამდე არსებობდა. ბიზნესს ვაძლევთ ყველანაირ საშუალებას, რომ კონკურენტულ გარემოში მიიღოს მონაწილეობა, სახელმწიფო შესყიდვებში", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

დღის ამბები