09 ივნისი 2026,   16:37
ვრცლად
ბრალდების მხარემ დაკითხა ორი მოწმე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურები, რომლებიც ესწრებოდნენ იმ კონკრეტულ პროცესს, როდესაც ბაჩანა ახალაიამ განახორციელა ხელისუფლების დამხობის მოწოდება - პროკურორი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას პროცესი გაიმართა. სხდომაზე დაიკითხა პროკურატურის ორი მოწმე, მანდატურის თანამშრომლები.

ახალაიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ. დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქმის პროკურორის, ანა ლეკიაშვილის თქმით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ დაკითხა ორი მოწმე, მანდატურის სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ესწრებოდნენ სხდომას, სადაც ბაჩანა ახალაიამ დამხობის მოწოდება გააკეთა.

"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, ბრალდების მხარემ დაკითხა ორი მოწმე. ესენი არიან თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურები, რომლებიც ესწრებოდნენ იმ კონკრეტულ პროცესს, როდესაც ბაჩანა ახალაიამ განახორციელა მოწოდება, რასაც ბრალდების მხარე მას ედავება - სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ და კონსტიტუციური წყობილების ძალადობის გზით შეცვლისკენ მოწოდება. აღნიშნული პირები საუბრობდნენ ფაქტებთან დაკავშირებით, კერძოდ: რას შეესწრნენ, რა გაიგონეს. მათ შორის, ეს არის დაცვის მხარის ინტერპრეტაცია, რომ ერთი და იგივე ფრაზა ახსოვდა, თუმცა, ერთი მათგანი საუბრობდა გარკვეული სახის ინფორმაციაზე, რაზეც ისაუბრა ბაჩანა ახალაიამ, მეორე მათგანიც საუბრობდა გარკვეული სახის ინფორმაციაზე. კონკრეტულად ის ფრაზა, რაზეც ბრალდების მხარე ედავება მოწოდებას და ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მოწოდება განხორციელდა, მათ შორის თავისი სიტყვებით, მოწმეებმა ახსენეს, რომ ეს ფრაზაც ნამდვილად ახსოვდათ", - განაცხადა ანა ლეკიაშვილმა.

დღის ამბები