09 ივნისი 2026,   15:29
ვრცლად
დავით სონღულაშვილი გარდაბანში მეფრინველეობის ფერმის "საბუდარა" საქმიანობას გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ქვემო ქართლში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში მდებარე მეფრინველეობის ფერმაში, შპს „საბუდარაში“ იმყოფებოდა.

მინისტრმა ფერმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მიმდინარე საქმიანობას გაეცნო, რომელიც ბროილერის სადედე გუნდის გამოზრდასა და საინკუბაციო კვერცხის წარმოებას მოიცავს.

„ვეცნობით იმ საწარმოების საქმიანობას, რომლებიც სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შეიქმნა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი საწარმოების განვითარება, ისინი ქმნიან დამატებით სამუშაო ადგილებს, აყალიბებენ სრულ ღირებულებათა ჯაჭვს - პირველადი წარმოებიდან საბოლოო პროდუქტამდე, ზრდიან ექსპორტის შესაძლებლობებს და, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობენ ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებასა და განვითარებას“,- აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

შპს „საბუდარა“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარი კომპანიაა. საწარმოს წლიური წარმადობა 7 მილიონ საინკუბაციო კვერცხს შეადგენს. კომპანია ამიერკავკასიის მასშტაბით ახორციელებს Aviagen-ის, Babolna Tetra-სა და Lohmann Tierzucht-ის ჯიშის ერთდღიანი სანაშენე წიწილის რეალიზაციას. ამასთან, მომხმარებლებს უზრუნველყოფს წიწილების გამოსაზრდელად საჭირო მედიკამენტებით, მზა საკვებითა და საკვები კონცენტრატებით. პროდუქცია მიეწოდება როგორც ადგილობრივ ბაზარს, ისე ექსპორტზე გადის აზერბაიჯანსა და სომხეთში. საწარმოში 60 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული.
კომპანიამ სხვადასხვა წლებში ისარგებლა სახელმწიფო პროგრამით „შეღავათიანი აგროკრედიტი“.

მინისტრთან ერთად მეფრინველეობის ფერმაში ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი იმყოფებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში, მეფრინველეობის ფერმების მოწყობისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მასშტაბით, ბანკების მიერ გაცემულია 269 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 2 400-ზე მეტი სესხი, ხოლო სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 63 მილიონ ლარს აღემატება; მათ შორის, ქვემო ქართლის რეგიონში გაცემულია 72 მილიონი ლარის ღირებულების 235 სესხი, ხოლო სააგენტოს თანადაფინანსება 18 მილიონ ლარზე მეტია.

ქვემო ქართლში ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილი ფონიჭალაში არსებულ კომბინირებული საკვების მაღალტექნოლოგიურ საწარმოს „ნუტრიმაქსი“ საქმიანობას გაეცნობა; მინისტრი მარნეულში სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალ რეგიონულ ოფისს გახსნის, სოფელ დამია-გეურარხში სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილ სასათბურე მეურნეობას დაათვალიერებს. დაგეგმილია შეხვედრები ადგილობრივ ფერმერებთან, სადაც საჭიროებებზე, გამოწვევებსა და აგროსექტორის განვითარების საკითხებზე იმსჯელებენ.

დღის ამბები