08 ივნისი 2026,   18:28
ვრცლად
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: კრიზისულ პერიოდში, რომელშიც მსოფლიოა, ჩვენი თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია

თურქეთის ქალაქ სტამბოლში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.

ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას - "სტამბოლის დეკლარაცია", რომელიც რეგიონულ თანამშრომლობასა და პარტნიორობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

ცნობილი გახდა, რომ მომდევნო შეხვედრას თბილისი უმასპინძლებს.

მინისტერიალის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგი, განსაკუთრებული აქცენტით ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და "შუა დერეფნის" განვითარებაზე, რომელიც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ მთავარ არტერიად განიხილება.

სტამბოლის შეხვედრის მნიშვნელობაზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა ისაუბრა.

"იმ კრიზისულ პერიოდში, რომელსაც განიცდის მსოფლიო, ჩვენი თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია, არა მხოლოდ რეგიონისთვის. ჩვენ არამხოლოდ ენერგორესურსების ტრანსპორტირებაზე, არამედ უფრო მეტად ვსაუბრობთ იმ უსაფრთხოებაზე, რომელიც მოაქვს ჩვენს ძალისხმევას და, განსაკუთრებით, დაკავშირებადობას ევროპასა და აზიას შორის. მე ვსაუბრობ შუა დერეფანზე. ეს გახლავთ ხერხემალი მთელი ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის. ახლახან ვიზეიმეთ სარკინიგზო ხაზის გახსნა," - განაცხადა ჰაკან ფიდანმა.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სამმხრივი ფორმატი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი პროცესების ხელშეწყობას ემსახურება.

"ჩვენი შეხვედრის დროს ჩვენ ვისაუბრეთ აგრეთვე სტაბილურობისა და მშვიდობის შესახებ მთელს სამხრეთ კავკასიაში და აღვნიშნეთ, რომ ეს თანამშრომლობა არის სტაბილური და კონსტრუქციული. ჩვენ მივესალმებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის განვითარებას. ეს ყველაფერი ეკონომიკაზეც უდიდეს ზეგავლენას ახდენს და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ეს მიმართულება შემდგომშიც განვავითაროთ," - განაცხადა ჰაკან ფიდანმა.

დღის ამბები