სომხეთის პრემიერის ნიკოლ ფაშინიანის პარტია "სამოქალაქო შეთანხმება" საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრის წინასწარი შედეგებით კმაყოფილია.
ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და პარტია "სამოქალაქო შეთანხმების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა არაიკ არუთუნიანმა ვიდეომიმართვაში აღნიშნა.
პარტია "სამოქალაქო შეთანხმების" წევრებმა, რომლებიც ხმების დათვლის პროცესს შტაბ-ბინაში აკვირდებიან, ვიდეოჩანაწერში ასევე გააზიარეს თავიანთი მოსაზრებები კენჭისყრის წინასწარ შედეგებთან დაკავშირებით. ისინი თვლიან, რომ "სამოქალაქო შეთანხმება" დამაჯერებლად იმარჯვებს. არაიკ არუთუნიანმა სოციალურ ქსელში 52 საარჩევნო უბნის შედეგები გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ყველა მათგანში "სამოქალაქო შეთანხმება" ლიდერობს.
"წინასწარი შედეგები ძალიან დამაკმაყოფილებელია, ვფიქრობ, რომ იგივე ტემპით გავაგრძელებთ და უმრავლესობას მოვიპოვებთ. ხმების დათვლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ არ მგონია, რომ რიცხვები მნიშვნელოვნად შეიცვალოს", - განაცხადა არუთუნიანმა.