სომხეთში, საპარლამენტო არჩევნების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში 57 შეტყობინება შევიდა - ინფორმაციას სომხური მედია აქვეყნებს.
სამინისტროს ინფორმაციით, გამოვლინდა არაერთი დარღვევა, მათ შორის, განმეორებითი ხმის მიცემის 19 შემთხვევა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 15 შემთხვევა, საარჩევნო უფლების განხორციელებისთვის ხელის შეშლის 2 შემთხვევა, ამომრჩევლის მოსყიდვის 1 და საარჩევნო უბანზე ცივი იარაღის ტარების 1 შემთხვევა.
ფაქტებზე მომზადებული მასალები წინასწარი გამოძიების ორგანოს გადაეცა. დაკავებულია 14 პირი.
უწყების ცნობით, სავარაუდო სამართალდარღვევების შესახებ კიდევ 198 შეტყობინება ამჟამად შემოწმების პროცესშია. ასევე მოწმდება მედიასა და სოციალურ ქსელებში არჩევნების თემაზე გავრცელებული ინფორმაცია.
შსს-ს მიგრაციისა და მოქალაქეობის სამსახურის ინფორმაციით, ამომრჩეველთა დამატებით სიებში შეყვანის თაობაზე განცხადება 1650-მა ადამიანმა წარადგინა.