თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარი საქართველოს ქრისტიანული კულტურის უნიკალური ცენტრია. ტაძარი, რომელიც საქართველოს ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში არაერთხელ გახდა მტრის სამიზნე, მრავალჯერ დაზიანებისა და დარბევის მიუხედავად, ჩვენამდე მოვიდა, როგორც ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ძეგლი.
ხარაჩოები ტაძრის გარშემო იმის მანიშნებელია, რომ რესტავრაცია უკვე დაწყებულია. არსებული პროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტაძრის გადახურვასა და სამრეკლოს. სამუშაოები დღეს თბილისის მერმა დაათვალიერა.
არქიტექტორ-რესტავრატორი ტარიელ კიპაროიძე, რომელმაც გასული საუკუნის ბოლოს უკვე შეასრულა სიონის სარესტავრაციო-აღდგენითი სამუშაოები, ტაძრისა და სამრეკლოს გადახურვაზე ახლაც იმუშავებს. მისი თქმით, რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესი სიონის ავთენტურ იერსახეს არ შეცვლის.
სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თბილისის მერიამ 1 მილიონ 220 ათასი ლარი გამოყო. პროექტს თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს.
სიონის საპატრიარქო ტაძარში ინახება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესი სიწმინდე - წმინდა ნინოს ჯვარი. ასევე წმინდა დავით გარეჯელის მიერ იერუსალიმიდან ჩამოტანილი ქვა, რომელიც ქრისტიანული გადმოცემის თანახმად, სასწაულმოქმედად მიიჩნევა. ტაძარი კათოლიკოს-პატრიარქების უკანასკნელი განსასვენებელი ადგილიცაა. საკუთარი ანდერძის თანახმად, სიონის ტაძარში დაკრძალეს საქართველოს 141-ე პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.
სიონის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ოქტომბრის ბოლოს იგეგმება.