სანამ სხვები თავს იკავებენ, პარტიას ანა წითლიძე იცავს. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ მთავარ იდეოლოგს ახსენებს გზას, რომელსაც სააკაშვილის გარეშე ვერ გაივლიდა. ამბობს, რომ პარტია წლებია სწორედ გვარამიას შეცდომების გასწორების რეჟიმშია. საყვედურს კი ვერ მიიღებს იმისგან, ვინც ექსპრეზიდენტს არა იდეოლოგიური სხვაობის, არამედ პირადი ამბიციების გამო უღალატა. გარიგება, პოლიტიკური და ფინანსური რესურსებით სარგებლობა, სააკაშვილის ნდობისა და კონტაქტების ბოროტად გამოყენება - წითლიძის თქმით, უპასუხოდ დარჩენილი კითხვა ბევრია, რის გამოც ნიკა გვარამიას მორალური უფლება არ აქვს, მორალი აქეთ უკითხოს "ნაციონალურ მოძრაობას".
ნიღბების ჩამოხსნაზეც საუბრობენ და თავდაუსხმელობის მინიმალური წესის დაცვაზეც, თუმცა ერთმანეთს წარსულს მაქსიმალურად ახსენებენ. გვარამიას სკანდალურ განცხადებას, რომელმაც ოპოზიციურ დაპირისპირებას ახალი ენერგია მისცა, სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებისგან კონტრბრალდებები მოჰყვა - სწორედ იმის გასარკვევად, თუ ვინ ახდენს რეალურად სააკაშვილის ფაქტორის ექსპლუატაციას.
მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა ადვოკატმა გზავნილი გაიგო, თუმცა ვერ მიიღო.
რას ნიშნავს თავად სააკაშვილისთვის "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ გვარამიას გამოსვლა? - ექსპრეზიდენტი პერსონალურად არაფერს ეწერება, თუმცა საკუთარ სათქმელს მაინც ამბობს.
უფუნქციოდ, მაგრამ მაინც რჩებიან. სააკაშვილს, რომელსაც ალიანსის ლიდერები "მაოხრებელ გზირსა" და "მანიპულატორ ნარცისს" უწოდებენ, საკუთარი პარტია გაერთიანებიდან არ გამოჰყავს. "ნაციონალური მოძრაობის" ძველი წევრები ოპოზიციური "ცხრიანიდან" მიიჩნევენ, რომ ერთ დროს ერთი გუნდის წარმომადგენლებს თანამშრომლობის რესურსი ჯერ ისევ აქვთ.
"გირჩი" ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც ფაქტების სააშკარაოზე გამოსვლამდეც ღიად საუბრობდა გვარამია-სააკაშვილის დაპირისპირებაზე. ამიტომ ახლა არაფერი უკვირთ, მათ შორის არც "ნაციონალური მოძრაობის" წევრების პასიურობა.
ბევრჯერ განულებული ლიდერებით და მაინც საერთო ლიდერის გადაწყვეტილების მოლოდინში - მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ოპონენტების მხრიდან დიდი ხანია აღარ უკვირთ არც პოლიტიკური უპრინციპობა და არც შიდა რესურსებისთვის ბრძოლა. უკვირთ ის, თუ როგორ ჰპირდებიან ამ ურთიერთსიძულვილით საკუთარ ამომრჩეველს კოალიციურ მმართველობას.
"ნაციონალური მოძრაობის" ძველი და ახალი პარტიები ერთმანეთს შიდა ტურბულენტობაზე მიუთითებენ. სწორედ ასე იგერიებენ თავდასხმებს, თუმცა ერთობის ამბიციაზე ხმამაღალი ტონით ვეღარ საუბრობენ, რადგან ის, რაც ალიანსში ხდება, დიდი ხანია, უკვე ალიანსში აღარ რჩება.