იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ პარლამენტს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ანგარიში წარუდგინა. ბექა ძამაშვილმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან შესული საქმეების მნიშვნელოვნად კლების ტენდენციაზე. სხდომაზე დაისვა შეკითხვები.
ბექა ძამაშვილს კითხვით მიმართა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა, რომელმაც ჰკითხა: "გაგზავნილი საქმეებიდან, რაზე გითხრათ სტრასბურგმა, რომ მართლმსაჯულების სისტემა არ გივარგათ?".
აღნიშნულ კითხვაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, ბექა ძამაშვილი პასუხობს:
"ყველა ასეთი რეზონანსული საქმე, რომელზეც თითქოს საზოგადოების გარკვეული ნაწილი ქვეყნის შიგნით თანხმდებოდა ხოლმე, რომ რაღაც პრობლემურია, ან რეპრესიულია და ა.შ. აბსოლუტურად ყველა ასეთ საქმეზე, ევროპულ სასამართლოში საქართველოს აქვს სუფთად მოგებული. ანუ, ეს შეეხებოდა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეს, "რუსთავი 2-ის" საქმეს. "რუსთავი 2-ის" საქმე არის ძალიან კარგი. ამ საქმეზე იყო თითქმის ყველა შეთანხმებული, რომ ხდება რაღაც პოლიტიკური ჩარევა, ზეწოლა სასამართლოზე და ა.შ. ევროპულმა სასამართლომ აბსოლუტურად ყველა ნაწილში სახელმწიფო გაამართლა და დარღვევა საერთოდ არ დაუდგენია".