05 ივნისი 2026,   16:46
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. ბრალდების მხარე სასამართლოში მტკიცებულებების წარდგენას აგრძელებს.

საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით მოკლე კომენტარი გააკეთა დაცვის მხარემ. ადვოკატი რობერტ გრიგალაშვილი აღნიშნავს, რომ პროცესი კვლავ "ქოლ-ცენტრების" ეპიზოდის გარშემო მიმდინარეობს.

"გრძელდება ბრალდების მიერ მტკიცებულებების წარმოჩენა, ბრალდების მოწმეები იკითხებიან და, როგორც ვართ ინფორმირებული, გრძელდება "ქოლ-ცენტრების" ეპიზოდი," - აცხადებს ადვოკატი.

საქმის პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე დაგეგმილია სამი მოწმის დაკითხვა, მათ შორის, ექსპერტის, რომელიც საქმეში არსებულ აუდიო-ვიდეო მასალაზე ჩატარებულ კვლევას წარადგენს.

"ბრალდების მხარე აგრძელებს მტკიცებულებების გამოკვლევას საქმეზე. დღეს გვეყოლება სამი მოწმე, რომლებიც დაიკითხებიან უშუალოდ ე.წ. ქოლ-ცენტრის ეპიზოდთან მიმართებით და, დარწმუნებული ვარ, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია იქნება იმდენად ინფორმატიული, რომ სასამართლო შემდგომ დაეყრდნობა მას განაჩენის გამოტანისას. 2 მოწმესთან მიმართებით, მათ უშუალო შემხებლობა ჰქონდათ "ქოლ-ცენტრებთან" და, შესაბამისად, ისინი ისაუბრებენ დეტალებზე "ქოლ-ცენტრის" საქმიანობის და "ქოლ-ცენტრების" მფარველობის კუთხით, რაც შეეხება მესამე მოწმეს, არის ექსპერტი, რომელმაც ჩაატარა ექსპერტიზა იმ აუდიო-ვიდეო მასალაზე, რაც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში და რომლითაც დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც ბრალშია ასახული," - განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, რომ სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები