05 ივნისი 2026,   16:25
ვრცლად
მეგობრული მზვერავი და მტრული მზვერავი არ არსებობს, ყველამ თავი დაანებოს დაზვერვას და ჯაშუშობას - შალვა პაპუაშვილი

"მეგობრული და მტრული მზვერავი არ არსებობს - ყველამ დაანებოს თავი დაზვერვას და ჯაშუშობას! "- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, მედიის კითხვას საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტის გაწვევის შესახებ ფრანგულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას და უსაფრთხოების სამსახურებს დღეს ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, გამოავლინოს საქართველოში სადაზვერვო საქმიანობა და ამიტომ ყველა უნდა გაფრთხილდეს.

"თავად ფრანგული მედია წერს ამ ყველაფერს. თქვენი აზრით, უცხო ქვეყნის დაზვერვის აგენტები რომ არიან ქვეყანაში, ეს ქვეყნებს შორის ურთიერთობას ათბობს და აგენტები როცა გადიან ქვეყნიდან, ეს აციებს ურთიერთობებს? არ ვიცი.

არ ვიცი, ზუსტად რა იგულისხმება, თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლებას და უსაფრთხოების სამსახურებს დღეს აქვთ ყველანაირი შესაძლებლობა, საქართველოში სადაზვერვო საქმიანობა გამოავლინონ. ამიტომ ყველა უნდა გაფრთხილდეს, აქ არ არსებობს არც დასავლეთი, არც აღმოსავლეთი, არც ჩრდილოეთი, არც სამხრეთი. ყველა სხვა, ვინც არის და არ არის ამ ქვეყნის ნაწილი.

საქართველოში არავის დაზვერვას არაფერი ესაქმება. მეგობრული მზვერავი და მტრული მზვერავი არ არსებობს. ყველამ თავი დაანებოს დაზვერვას და ჯაშუშობას", – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები