ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისა და სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ საუბრობენ პოლიტიკოსები. მმართველ გუნდში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ შტატებთან ურთიერთობა უკვე გადავიდა პოზიტიური დღის წესრიგის ფორმატში.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, ამერიკასა და საქართველოს შორის არსებობს არა მხოლოდ ურთიერთობის გადატვირთვის, არამედ სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბების ორმხრივი სურვილი.
"საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდა საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში. საინტერესო განცხადებები მოისმინა საზოგადოებამ. ჩვენ უკვე გადავედით პოზიტიური დღის წესრიგის ფორმატში. ეს, ერთი შეხედვით, ერთი წლის წინ, სრულიად წარმოუდგენელი მოვლენა იქნებოდა, მაგრამ დღეს, სწორედ ამ სამუშაო პროცესმა, გეგმა ზომიერმა, კონსტრუქციულმა სამუშაო პროცესმა, მოიტანა, ეს შედეგები, რომ დღეს უკვე შეგვიძლია პოზიტიური და ორმხრივად სასარგებლო დღის წესრიგზე საუბარ. ეს პროცესი გაგრძელდება. არის ორმხრივი ინტერესი ურთიერთობების არა უბრალოდ გადატვირთვის, თუ აღდგენის, არამედ სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბების", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
შეგახსენებთ, სახელმწიფო მდივანმა და მისმა მოადგილემ საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენის სურვილზე ისაუბრეს. მარკო რუბიომ განცხადება წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა და თქვა,რომ საქართველოს მთავრობამ უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები, რაც ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილზე მიანიშნებს. მისი მოადგილის განცხადებით, კი შტატები დაინტერესებულია საქართველოთი და აუცილებელია უკვე მიღწეული შეთანხმებების გააქტიურება.